შეერთებული შტატების შუა დასავლეთსა და სამხრეთში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა, მათ შორის ძლიერმა ქარიშხლებმა, მასშტაბურმა ხანძრებმა და მტვრის ქარიშხლებმა, სულ მცირე 37 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალდა მისურის შტატი, სადაც პარასკევს დაწყებულმა ქარიშხლებმა 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტეხასისა და კანზასის შტატებში ძლიერმა ქარმა მტვრის ქარიშხლები გამოიწვია, რამაც ავტოავარიები და 12 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ექსტრემალურმა ამინდმა, რომელმაც ქვეყნის იმ ნაწილზე იმოქმედა, სადაც 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ოკლაჰომაში თითქმის 150 ხანძარი გააჩინა. მსხვერპლი დაფიქსირდა არკანზასის, ალაბამასა და მისისიპის შტატებშიც. ტეხასის, ლუიზიანას, ალაბამას, არკანზასის, ტენესის, მისისიპის, ჯორჯიის, კენტუკისა და ჩრდილოეთ კაროლინას ნაწილებში წყალდიდობის საფრთხე გამოცხადდა. კვირას საღამოს, რეგიონში 320 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. არკანზასის, ჯორჯიისა და ოკლაჰომას შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მისურის გუბერნატორმა მაიკ კეჰომ განაცხადა, რომ შტატში ნგრევის მასშტაბები შემაძრწუნებელია. მისი თქმით, ასობით სახლი, სკოლა და ბიზნესი განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. ოკლაჰომაში, თითქმის 150 ხანძარი, რომელსაც 133 კმ/სთ-მდე სიჩქარის ქარი უბერავდა, რამდენიმე სატვირთო ავტომობილი გადააბრუნა. ხანძარმა 170 000 აკრი მიწა გაანადგურა და თითქმის 300 ნაგებობა დააზიანა, მათ შორის შტატის გუბერნატორის კევინ სტიტის კუთვნილი ფერმა. კანზასში, მტვრის ქარიშხლის გამო 55-ზე მეტი ავტომობილი დაიმსხვრა, რის შედეგადაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. ტეხასში, კიდევ ერთმა მტვრის ქარიშხალმა დაახლოებით 38 ავტომობილის შეჯახება გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. მისისიპიში ექვსი ადამიანი დაიღუპა ქარიშხლების შედეგად, ხოლო ალაბამაში სამი ადამიანი, მათ შორის 82 წლის ქალი. არკანზასის ოფიციალურმა პირებმა სამი გარდაცვლილისა და 29 დაშავებულის შესახებ განაცხადეს.
აშშ-ში ქარიშხლებმა, ხანძრებმა და მტვრის ქარიშხლებმა ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს