ავსტრალიის რაგბის კავშირის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, როკი ელზომს, საფრანგეთის სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი საფრანგეთის სარაგბო კლუბ "ნარბონის" პრეზიდენტობის დროს კორპორატიული ქონების არასათანადოდ გამოყენება გახდა.
42 წლის ელზომს, რომელმაც ავსტრალიის ნაკრებში 75 მატჩი ჩაატარა, ასევე დაეკისრა 100,000 ევროს ოდენობის ჯარიმა, რომლის ნახევარი პირობითია. სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა. მის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერია გაცემული, რადგან მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
ელზომი "ნარბონს" 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე, 2009 წელს, "ლაინსტერის" შემადგენლობაში ჰეინეკენის თასი მოიგო. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 2024 წლის ოქტომბერში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა გასაჩივრების შემდეგ საქმე ხელახლა განიხილეს.
2024 წლის ოქტომბრის სასამართლო პროცესზე, რომელსაც ის ასევე არ ესწრებოდა, ელზომი დამნაშავედ ცნეს გაყალბებაში, გაყალბების გამოყენებასა და კორპორატიული აქტივების ბოროტად გამოყენებაში. 2025 წლის სასამართლო პროცესზე გაყალბების ბრალდებები მოხსნეს, თუმცა ყოფილმა რაგბისტმა კლუბის ლიკვიდატორს 219,760 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
პროკურორი ელზომისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთას და 630,000 ევროს ჯარიმას ითხოვდა.
"ნარბონს" საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული და სამჯერ ფინალში გავიდა. თუმცა, კლუბი 2018 წელს გაკოტრდა და ამჟამად მესამე დივიზიონში, ფედერალეში ასპარეზობს.
ფლანკერმა ელზომმა ავსტრალიის ნაკრების კაპიტნის პოსტი 2009 წლიდან 2011 წლამდე ეკავა. ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა.
2024 წლის აგვისტოდან ელზომი ირლანდიაში ცხოვრობდა, თუმცა გასული წლის ბოლოს მის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ქვეყანა დატოვა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს