ოთხმა ქალმა, საინფორმაციო გადაცემების წამყვანმა, BBC-ის ხელმძღვანელობასთან მორიგებას მიაღწია. დავა სექსუალური და ასაკობრივი დისკრიმინაციის ბრალდებებს ეხებოდა. მარტინ კროქსალი, ანიტა მაკვეი, კარინ ჯანონე და კასია მადერა ამტკიცებდნენ, რომ BBC News Channel-ზე დაკარგეს სამსახური, რადგან საკადრო ცვლილებები წინასწარ იყო დაგეგმილი. BBC ამტკიცებს, რომ განაცხადების განხილვის პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე იყო. ცნობილია, რომ მხარეებმა მორიგებას მიაღწიეს და BBC პასუხისმგებლობას არ აღიარებს. სასამართლო პროცესი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, აღარ გაიმართება.
ერთობლივ განცხადებაში წამყვანებმა აღნიშნეს, რომ BBC-ის მენეჯმენტთან შეთანხმებას მიაღწიეს, რაც სასამართლო განხილვის აუცილებლობას გამორიცხავს. მათი თქმით, თითქმის სამწლიანი პროცესი დასრულდა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალშიც შეიტანენ წვლილს BBC News-ის წარმატებაში, განსაკუთრებით პირდაპირ ეთერში და სტრიმინგ სერვისებში. BBC-ის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, მორიგების პირობები კი უცნობია.
დავა 2022 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც BBC-მ შიდა და საერთაშორისო საინფორმაციო არხების გაერთიანების გეგმა გამოაცხადა, რასაც ხუთი მთავარი წამყვანის შესარჩევი კონკურსი მოჰყვა. ქალები ამტკიცებდნენ, რომ არხის ხელმძღვანელობამ ოთხ სხვა წამყვანს - ორ მამაკაცსა და ორ ახალგაზრდა ქალს - წინასწარ დაპირდა სამსახურის შენარჩუნებას. მათი თქმით, 2023 წლის თებერვალში მათ მონაწილეობა მიიღეს წინასწარ განსაზღვრულ საკადრო პროცესში, რის შედეგადაც მთავარ წამყვანებად არ აიყვანეს და კორესპონდენტის პოზიცია შესთავაზეს, რაც, ფაქტობრივად, დაქვეითებასა და ხელფასის შემცირებას ნიშნავდა. წამყვანებმა საკადრო პროცესს ფარსი უწოდეს, სადაც მათი სამუშაო ადგილები გაუქმდა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო კვლავ არსებობდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ სქესისა და ასაკის გამო, ასევე განიცადეს ვიქტიმიზაცია პროფკავშირის წევრობისა და ადრეული თანაბარი ანაზღაურების მოთხოვნის გამო.
კორპორაციის განცხადებით, მთავარი წამყვანის პოზიციაზე ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში გადიოდა კონკურსს, რომელიც მოიცავდა გასაუბრებას და პრაქტიკულ შეფასებებს. მათი თქმით, სულ მცირე ხუთმა სხვა აპლიკანტმა ოთხ ქალზე მაღალი შეფასება მიიღო და, შესაბამისად, "ობიექტური შეფასების" საფუძველზე დაინიშნენ. ოთხივე ქალი ასევე ამტკიცებდა, რომ 2020 წლის თებერვლიდან მათ არ უხდიდნენ თანაბარ ანაზღაურებას ანალოგიურ მამაკაც წამყვანებთან შედარებით. თუმცა, გასული წლის მაისში გამართულ ორდღიან მოსმენაზე, BBC-მ წარმატებით დაამტკიცა, რომ ქალებს არ ჰქონდათ თანაბარი ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, რადგან კროქსალს, მაკვეის, ჯანონესა და მადერას ადრე უკვე ჰქონდათ მიღწეული შეთანხმება კორპორაციასთან ამ საკითხზე. მოგვიანებით ქალებმა ამ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. 2023 წლის მარტიდან ისინი სრულ ანაზღაურებას იღებდნენ და სამსახურში დაბრუნება მომდევნო წლის მარტში დაიწყეს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს