ბრიტანული მაუწყებლობის კორპორაცია, BBC, გულშემატკივრებს შესთავაზებს შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მონაწილეობით გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა მატჩის პირდაპირ ეთერში ხილვის შესაძლებლობას. UEFA-სთან ახლად გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მაყურებელი 41 პირდაპირ რეპორტაჟს იხილავს. აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ამხანაგურ შეხვედრებსაც, ისევე როგორც შოტლანდიის ნაკრების ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ, რომელიც ამ თვის ბოლოს გაიმართება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება, 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შოტლანდიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბოლოს 1998 წელს ითამაშა, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები კი - 1986 წელს. უელსმა კი 64-წლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წელს ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
შეთანხმების თანახმად, ამ ქვეყნების ნაკრებების ყველა საშინაო საკვალიფიკაციო მატჩი უფასო სატელევიზიო არხებით გადაიცემა, ხოლო ინგლისის ნაკრების მატჩებს ITV აჩვენებს. BBC Nations-ის დირექტორის, როდრი ტალფან დევისის განცხადებით, ის უაღრესად მოხარულია, რომ შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისიამოვნონ დიდი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების პირდაპირი და უფასო ტრანსლაციებით. მისი თქმით, ცოცხალი საერთაშორისო სპორტი ყველაზე მეტად აღვივებს წარმოსახვას და მსოფლიოს უდიდეს ტურნირზე კვალიფიკაციის მოპოვების პროცესი ძალიან საინტერესო იქნება.
მატჩები გადაიცემა BBC One-ის ეთერში თითოეულ ქვეყანაში, ასევე BBC iPlayer-ზე. საკვანძო მატჩები კი მთელი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ქსელურ ტელევიზიებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ცოცხალი რეპორტაჟები დაემატება BBC Radio Wales-ის, BBC Radio Ulster-ის, BBC Radio Scotland-ის, BBC Radio Cymru-სა და BBC Sport-ის აპლიკაციის არსებულ საერთაშორისო გაშუქებას.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს