ფორმულა 1-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბერნი ეკლსტოუნმა, საკუთარი ისტორიული ავტომობილების კოლექცია Red Bull-ის მემკვიდრეს, მარკ მატეშიცს რეკორდულ ფასად მიჰყიდა. 94 წლის ეკლსტოუნმა 2024 წლის ბოლოს განაცხადა, რომ 69 ავტომობილისგან შემდგარ კოლექციას გაყიდდა.
კოლექციაში შედის ისეთი ლეგენდარული ავტომობილები, როგორებიცაა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონების, ნიკი ლაუდას, მაიკ ჰოთორნისა და მიხაელ შუმახერის მიერ ნარბოლიდი ფერარები, კარლოს პასეს, ლაუდასა და ნელსონ პიკეს მიერ ნარბოლიდი ბრაბჰემები და ასევე, Brabham-Alfa Romeo, რომელმაც მხოლოდ ერთ რბოლაში მიიღო მონაწილეობა.
მიუხედავად სუვერენული ფონდების მხრიდან გამოთქმული ინტერესისა, ეკლსტოუნის კოლექცია Red Bull-ის დამფუძნებლის, დიტრიხ მატეშიცის მილიარდერმა ვაჟმა შეიძინა, რომელმაც პირობა დადო, რომ კოლექციას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის.
თუმცა, უცნობია, რა თანხა გადაიხადა მატეშიცმა ავტომობილებში, გამყიდველმა ტომ ჰარტლი უმცროსმა განაცხადა, რომ ეს იყო "ავტომობილების კოლექციონირების სამყაროში ოდესმე დადებული ყველაზე დიდი გარიგება". გავრცელებული ინფორმაციით, კოლექციის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
ეკლსტოუნმა Reuters-თან საუბარში აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ ავტომობილები კარგ ხელში გადავიდა. მისი თქმით, ახალი მფლობელი მათ მუზეუმში გამოფენს, სადაც ხალხს მათი დათვალიერების საშუალება ექნება, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
მატეშიცმა, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ Red Bull-ის 49%-იანი წილი მიიღო მემკვიდრეობით, განაცხადა, რომ მოხარულია, რომ ეკლსტოუნმა მას ანდო ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი კოლექციის მოვლა. მისი თქმით, კოლექცია საგულდაგულოდ იქნება შენახული, წლების განმავლობაში გაფართოვდება და უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის შესაბამის ადგილას ხელმისაწვდომი გახდება.
ცნობისთვის, 2023 წელს ეკლსტოუნი საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს და საგადასახადო სამსახურს დაახლოებით 653 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა. ინგლისელს, რომელსაც 17-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, განაცხადა, რომ კოლექციის გაყიდვის გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ არ სურდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ყველაფერი მის მეუღლეს, ფაბიანას მოეგვარებინა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს