ცოტა ხნის წინ ლონდონში გამართულმა "Brit Awards"-ის ყოველწლიურმა ცერემონიალმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მაუწყებლობის მარეგულირებელ ორგანოში, Ofcom-ში, 825 საჩივარი შევიდა. უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი ამერიკელი მომღერლის, საბრინა კარპენტერის, გამოსვლა გახდა, რომელიც ეთერში ბავშვებისთვის შეუფერებელ დროს გავიდა. ასევე, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მომღერალ შარლი XCX-ის ჩაცმულობაც.
საბრინა კარპენტერმა შოუ წითელ, ბრჭყვიალა, სამხედრო სტილის მინი-კაბაში გახსნა და საკუთარი ჰიტების მიქსი შეასრულა. მისი გამოსვლის დროს სცენაზე ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი მოცეკვავე გამოჩნდა, რამაც მაყურებელთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. შარლი XCX-მა, რომელმაც წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა, გამჭვირვალე შავი კაბა მოირგო და სცენიდან საკუთარი ჩაცმულობის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა.
Ofcom-ის წარმომადგენლის განცხადებით, მიღებული საჩივრები შესწავლის პროცესშია და ჯერჯერობით გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების შესახებ მიღებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ეს საჩივრების რაოდენობა Ofcom-ისთვის რეკორდული არ არის. შედარებისთვის, 2021 წელს, პიერს მორგანის მიერ მეგან მარკლის კრიტიკის გამო, 58,000-ზე მეტი საჩივარი შევიდა.
ცერემონიალი პირდაპირ ეთერში 20:15 საათზე დაიწყო და 22:40 საათზე დასრულდა, მაშინ როდესაც სატელევიზიო "უოტერშედი", ანუ ბავშვებისთვის შეუფერებელი კონტენტის ჩვენების დრო, 21:00 საათიდან იწყება. შარლი XCX-ის გარდა, საბრინა კარპენტერიც დაჯილდოვდა "გლობალური წარმატების" ჯილდოთი, რომელიც ბრიტანელ არტისტებს საზღვარგარეთ მიღწეული წარმატებისთვის გადაეცემა. ეს ჯილდო 2013 წელს დაარსდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა და წელს კვლავ აღადგინეს. "Brit Awards"-ის ცერემონიალი წარსულშიც გამხდარა საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს