ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივართა მცირე ჯგუფი კლუბის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს. "ჩელსის" გულშემატკივართა ნდობის ფონდმა პრემიერ ლიგას მიმართა თხოვნით, გამოიძიოს კლუბის თანამფლობელის, ტოდ ბოელის, კავშირი ბილეთების გადამყიდველ ვებგვერდ "Vivid Seats"-თან.
ფონდის მიერ პრემიერ ლიგის აღმასრულებელ დირექტორ რიჩარდ მასტერსისთვის გაგზავნილ ღია წერილში, ხაზგასმულია, რომ ბოელის, როგორც "Vivid Seats"-ის დირექტორისა და ინვესტორის, მონაწილეობა, იმავდროულად "ჩელსის" აქციების 13%-ის მფლობელობაში ყოფნისას, წარმოადგენს "ნდობის დარღვევას" და "ინტერესთა აშკარა კონფლიქტს".
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ პრემიერ ლიგა "Vivid Seats"-ს არასანქცირებულ ბილეთების სარეალიზაციო ვებგვერდად მიიჩნევს, რომელიც უცხოელ გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, არაოფიციალურად შეიძინონ ბილეთები 90-დან 20,000 ფუნტ სტერლინგამდე.
გულშემატკივართა ნდობის ფონდმა ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ მტკიცებულებები კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტროსაც წარუდგინა. წერილში ნათქვამია, რომ ფონდის ბევრი წევრი აღშფოთებულია ამ კავშირით და ამის შესახებ მათთვის წერილობით აცნობეს.
მათი განცხადებით, ბოელის კავშირი "Vivid Seats"-თან, როგორც "ჩელსის" დირექტორისა და თანამფლობელის, სრულიად შეუფერებელია და მნიშვნელოვნად აფერხებს "ჩელსის", პრემიერ ლიგისა და პოლიციის ძალისხმევას ბილეთების სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფონდმა ბოელის პირადად მიმართა და არაერთხელ შესთავაზა საჯაროდ და კერძო ფორმატში განეხილა გულშემატკივრების შეშფოთება, თუმცა, არც ბოელის და არც მის წარმომადგენლებს ამ თხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენიათ და ათასობით ბილეთი კვლავ იყიდება "Vivid Seats"-ის ვებგვერდზე.
"ჩელსის" ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ბილეთების გადაყიდვა უკანონოა და არაოფიციალურად შეძენილი ბილეთები ბათილად ჩაითვლება, ხოლო გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლაზე უარს ეტყვიან. "Vivid Seats"-ს საზღვარგარეთ ფუნქციონირების უფლება აქვს, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებისთვის აკრძალულია. თუმცა, დადასტურდა, რომ ვებგვერდი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მომხმარებლებს ბილეთების შეძენის საშუალებას აძლევს, მიუხედავად გამაფრთხილებელი შეტყობინებისა, რომ პრემიერ ლიგის მატჩებზე ბილეთები ამჟამად თქვენს რეგიონში შესაძენად ხელმისაწვდომი არ არის.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს