ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო აპლიკაცია, რომელიც ყოველთვიურად 750 მილიონზე მეტ მომხმარებელს ტანსაცმელს, პროდუქტებსა და სხვა მრავალფეროვან ნივთს სთავაზობს, შესაძლოა მომხმარებელთა მობილური ტელეფონების უსაფრთხოების სისტემის გვერდის ავლით, სხვა აპლიკაციებში მათ აქტივობებს აკონტროლებდეს, შეტყობინებებს კითხულობდეს, პირად მიმოწერაში იჭრებოდეს და პარამეტრები შეცვალოს. ამასთან, მისი წაშლა საკმაოდ რთულია.
მართალია, ბევრი აპლიკაცია აგროვებს მომხმარებელთა მონაცემებს, ხშირად მათი თანხმობის გარეშე, მაგრამ ექსპერტების აზრით, ელექტრონული კომერციის გიგანტი Pinduoduo კონფიდენციალურობისა და მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის მხრივ ახალ საფეხურზე ავიდა.
კიბერუსაფრთხოების რამდენიმე ჯგუფმა აზიიდან, ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე Pinduoduo-ს ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აპლიკაციაში მავნე პროგრამაა აღმოჩენილი, რომელიც Android-ის ოპერაციულ სისტემაში არსებულ ხარვეზებს იყენებს. კომპანიის შიდა წყაროების ინფორმაციით, ეს ხარვეზები მომხმარებლებზე და კონკურენტებზე თვალთვალისთვის გამოიყენებოდა, რაც სავარაუდოდ, გაყიდვების გაზრდას ისახავდა მიზნად.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მასშტაბის აპლიკაციას პრივილეგიების ამგვარად გაზრდის მცდელობა, რათა მიიღოს წვდომა იმაზე, რაზეც არ უნდა ჰქონდეს, უჩვეულო და Pinduoduo-სთვის სერიოზული დარტყმაა.
მავნე პროგრამა არის ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მონაცემების მოპარვის ან კომპიუტერული სისტემებისა და მობილური მოწყობილობების მუშაობაში ჩარევისთვის არის შექმნილი.
Pinduoduo-ს აპლიკაციაში დახვეწილი მავნე პროგრამის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჩინური წარმოშობის აპლიკაციების, მათ შორის TikTok-ის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ვრცელდება, რაც მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, Pinduoduo-ს საერთაშორისო ანალოგი Temu, რომელიც ამერიკულ ჩარტებში ლიდერობს და დასავლეთის ბაზრებზე სწრაფად ფართოვდება, შესაძლოა ჩრდილში მოექცეს. ორივე აპლიკაციას Nasdaq-ზე რეგისტრირებული მულტინაციონალური კომპანია PDD ფლობს, რომლის სათავო ოფისი ჩინეთში მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ Temu-ს ბრალდება არ წაუყენებიათ, Pinduoduo-ს ქმედებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მისი პარტნიორი აპლიკაციის გლობალურ ექსპანსიაზე.
ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ Pinduoduo მონაცემებს ჩინეთის მთავრობას გადასცემს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პეკინს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მის იურისდიქციაში მოქმედ ბიზნესებზე, ამერიკელი კანონმდებლები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ჩინეთში მოქმედი ნებისმიერი კომპანია შესაძლოა იძულებული გახდეს, ითანამშრომლოს უსაფრთხოების ფართო სპექტრის საქმიანობაში.
აღნიშნული ინფორმაცია Google-ის მიერ Pinduoduo-ს Play Store-დან ამოღებას მოჰყვა, რაც აპლიკაციის ვერსიებში მავნე პროგრამის აღმოჩენამ გამოიწვია.
მოგვიანებით, Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა კიბერუსაფრთხოების ფირმამ ასევე აღმოაჩინა პოტენციური მავნე პროგრამა აპლიკაციაში.
Pinduoduo-ს წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ Pinduoduo-ს აპლიკაცია მავნე არ არის.
Pinduoduo, რომლის მომხმარებელთა ბაზა ჩინეთის ონლაინ მოსახლეობის სამ მეოთხედს შეადგენს და რომლის საბაზრო ღირებულება სამჯერ აღემატება eBay-ს, ყოველთვის არ იყო ონლაინ ვაჭრობის გიგანტი.
კომპანია 2015 წელს შანხაიში Google-ის ყოფილმა თანამშრომელმა კოლინ ჰუანგმა დააარსა. სტარტაპი ცდილობდა დამკვიდრებულიყო ბაზარზე, სადაც დომინირებდნენ ელექტრონული კომერციის ისეთი გიგანტები, როგორიცაა Alibaba და JD.com.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს