ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, დაათვალიერა ახალი ტიპის თვითმკვლელი დრონები, რომლებიც, როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ ამოწმებს კიმ ჩენ ინი დრონს ასაფრენ ბილიკზე, თანმხლებ პირებთან ერთად.
კიმ ჩენ ინმა თანხმობა განაცხადა აღნიშნული აღჭურვილობის წარმოების გაფართოების გეგმაზე. ანალიტიკოსების აზრით, ამ ტექნოლოგიის განვითარებაში, სავარაუდოდ, რუსეთმა შეიტანა წვლილი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ბოლო დროს აქტიურად ეხმარება უკრაინაში მიმდინარე ომში.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ მსგავსი შესაძლებლობების განვითარება შეშფოთებას იწვევს სამხრეთ კორეასა და საერთაშორისო თანამეგობრობაში. მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეა აშკარად დრონების მომავალზე აკეთებს აქცენტს საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად საიმედო, დაცული და განვითარებულია ალგორითმები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ისედაც მყიფე უსაფრთხოების ვითარებას არ გაამწვავებს.
გარდა დრონებისა, კიმ ჩენ ინმა ასევე წარმოადგინა ქვეყნის პირველი საჰაერო ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავი. კომერციულ თვითმფრინავს უფრო დამსგავსებული ეს აპარატები რადარების გამოყენებით საბრძოლო ზონის საჰაერო მიმოხილვას უზრუნველყოფენ. სამხრეთ კორეის წარმომადგენლების განცხადებით, საჭიროა მეტი დრო ფხენიანის საჰაერო ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავის ეფექტურობის შესაფასებლად. მათივე თქმით, შესაძლებელია, რომ შიდა მოწყობილობებსა და კომპონენტებს რუსეთთან კავშირი ჰქონდეს.
კიმ ჩენ ინს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ, ხოლო ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეისთვის სარაკეტო პროგრამის ხელშემწყობი კოსმოსური ტექნოლოგიების გადაცემაში. გასული წლის ივნისში პუტინმა და კიმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთმანეთს დაეხმარებიან ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ "აგრესიის" შემთხვევაში. სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში მეტი ჯარისკაცი გაგზავნა და სხვები უკრაინის მიერ განხორციელებული სწრაფი შეტევის ადგილას, დასავლეთ კურსკის რეგიონის ფრონტის ხაზზე გადაანაწილა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს