ჩრდილოეთ მაკედონიაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი დაიღუპა. ხანძარი კოჩანში, დედაქალაქ სკოპიედან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე ქალაქში, კლუბ "პულსში" კვირას გამთენიისას გაჩნდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ არის შენობა ცეცხლში გახვეული და კვამლი ღამის ცაში ადის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, 50-მდე ადამიანი დაიღუპა და კიდევ ბევრი დაშავდა, თუმცა ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 03:00 საათზე (ადგილობრივი დროით) დაიწყო, როდესაც სცენაზე გამოდიოდა ჯგუფი ADN, ქვეყანაში პოპულარული ჰიპ-ჰოპ დუეტი. ღონისძიებას, სავარაუდოდ, 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ხანძარი, შესაძლოა, პიროტექნიკური მოწყობილობების გამოყენებამ გამოიწვია. კადრებში ჩანს, როგორ ხვდება ნაპერწკლები სცენიდან ჭერს და ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი ემსხვერპლა

გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს