პოლკოვნიკი სორენ კნუდსენი მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას და მის მოკავშირეებს. ის ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდა, განსაკუთრებით ავღანეთში, და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დანიის ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი იყო ამ ქვეყანაში. მისი თქმით, სამსახურის განმავლობაში 58 სარაკეტო თავდასხმა გადაიტანა.
პოლკოვნიკი კნუდსენი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრინჯაოს ვარსკვლავის მედლით დააჯილდოვა და ამერიკის დროშა გადასცა, რომელიც მას შემდეგ სახლის კედელზე ეკიდა და რომელსაც სიამაყით აჩვენებდა ყველას.
თუმცა, რაღაც შეიცვალა. ჯ.დ. ვენსის განცხადების შემდეგ გრენლანდიის შესახებ და პრეზიდენტის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემულობის გამო, პოლკოვნიკმა დროშა ჩამოხსნა და მედალიც გადამალა.
აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სურვილი, ხელში ჩაიგდოს მსოფლიოში უდიდესი კუნძული - გრენლანდია, რომელიც დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა. პოლკოვნიკი კნუდსენი ამბობს, რომ პირველი გრძნობა, რაც ამან გამოიწვია, ტკივილი იყო, ხოლო მეორე - შეურაცხყოფა.
პოლკოვნიკს კოპენჰაგენის ცენტრში, ამალიენბორგის სასახლის წინ შევხვდი, მისი პენსიაზე გასვლის პირველ კვირებში. სწორედ ამ დროს, საყვირების ხმა გაისმა და ჯარისკაცებმა ჩაიარეს. გვარდიის შეცვლა ხდება იმ დროს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ არა მხოლოდ შეცვალა, არამედ უარყო აშშ-ევროპის უსაფრთხოების შესახებ არსებული თითქმის ყველა ვარაუდი, რომელიც 80 წლის განმავლობაში ურყევი იყო.
პოლკოვნიკი კნუდსენი ამბობს, რომ საქმე ღირებულებებს ეხება და როდესაც ამ ღირებულებებს თავს ესხმის ის, ვინც მოკავშირედ მიგვაჩნდა, ამის ყურება ძალიან რთულია. მის გვერდით მისი ამერიკელი მეუღლე, ჯინა იდგა. ჯინას თქმით, დანია უყოყმანოდ შეუერთდა იმ ძალისხმევას, რომელშიც მისი მეუღლე მსახურობდა. ამიტომ, შოკისმომგვრელია იმ ქვეყნისგან მუქარების მოსმენა, რომელიც მასაც უყვარს და გრძნობს, რომ ალიანსს ფეხქვეშ თელავენ. ეს უფრო პირადულია, ვიდრე აბსტრაქტული საგარეო პოლიტიკური ტაქტიკა.
თუმცა, პოლკოვნიკს იმედი ჯერ არ გადაუწურავს. ის იმედოვნებს და ლოცულობს, რომ ერთ დღეს შეძლებს დროშის კვლავ კედელზე დაკიდებას.
გრენლანდიაში, რომელიც დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა, მომავალ კვირას არჩევნები გაიმართება და ყველა ძირითადი პარტია მომავალში დამოუკიდებლობის მომხრეა. დონალდ ტრამპის მიერ ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდება საარჩევნო ბიულეტენში არ არის შეტანილი.
სამეფო სასახლის მახლობლად დგას დანიის მემორიალი, რომელიც ეძღვნება ბოლო ბრძოლებში დაღუპულ ჯარისკაცებს. ქვაზე ამოკვეთილია დასავლელ მოკავშირეებთან ერთად დაღუპულთა სახელები. განსაკუთრებით დიდია აშშ-ს ხელმძღვანელობით ავღანეთში შეჭრის დროს დაღუპულთა სია. დანიამ ავღანეთში 44 ჯარისკაცი დაკარგა, რაც მისი ექვს მილიონზე ნაკლები მოსახლეობის პროპორციულად, აშშ-ს გარდა, სხვა მოკავშირეზე მეტი იყო. ერაყში რვა დანიელი ჯარისკაცი დაიღუპა. სწორედ ამიტომ არის პრეზიდენტის სიტყვები ასე მტკივნეული.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგად შეაფასოს ტრამპის ამბიციები გრენლანდიის შესახებ, არის ანდერს ფოგ რასმუსენი. მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის განცხადება გრენლანდიის შესაძლო ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების შესახებ ძალიან ჰგავს პრეზიდენტ პუტინის რიტორიკას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
დანიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ დადგა დრო, როდესაც დანიამ და დანარჩენმა ევროპამ უნდა გააძლიერონ თავდაცვა, თუ აშშ ამის სურვილი არ აქვს. მისი თქმით, ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებით და მათი როლით, როგორც მსოფლიო პოლიციელი. მას მიაჩნია, რომ საჭიროა პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო კანონისა და წესრიგის დაცვას, მაგრამ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს ამ როლის შესრულება, მაშინ ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და ფეხზე მყარად დგომა.
თუმცა, ფოგ რასმუსენს არ სჯერა, რომ პოლიციელი მალე დამნაშავედ გადაიქცევა. მას სურს ხაზი გაუსვას, რომ არ ფიქრობს, რომ საბოლოოდ ამერიკელები გრენლანდიას ძალის გამოყენებით წაართმევენ.
პრეზიდენტმა ტრამპმა პირველად გრენლანდიის ხელში ჩაგდებაზე საუბარი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიწყო და ამ თემას წელსაც დაუბრუნდა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს