ეგვიპტის წითელ ზღვაში, ჰურგადას სანაპიროსთან, ტურისტული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი გუბერნატორის განცხადებით, გადარჩენილია 39 ადამიანი, რომელთაგან ცხრა დაშავდა, ოთხის მდგომარეობა კი კრიტიკულია. ინციდენტი ხუთშაბათს დილით მოხდა, ქალაქ ჰურგადასთან ახლოს.
წინასწარი ინფორმაციით, წყალქვეშა ნავში, სახელად "სინდბადი", 45 მგზავრი იმყოფებოდა, როდესაც ის ნავსადგურთან ახლოს ჩაიძირა. წითელი ზღვის რეგიონის გუბერნატორმა, ამრ ჰანაფიმ განაცხადა, რომ ექვსი ტურისტი დაიღუპა და 39 ადამიანი გადარჩა. დაკარგულები არ არიან.
მისი თქმით, ბორტზე მყოფი 45 მგზავრი რუსეთიდან, ინდოეთიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან იყო. ასევე, ბორტზე ხუთი ეგვიპტელი იმყოფებოდა. ყველა დაღუპული რუსეთის მოქალაქეა. ჰურგადაში რუსეთის წარმომადგენელმა, ვიქტორ ვოროპაევმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. თათრეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ დაღუპულთა შორის ორი დაქორწინებული ექიმი იყო. ეგვიპტეში რუსეთის საელჩოს წინა განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბორტზე ყველა ტურისტი რუსი იყო.
წყალქვეშა ნავი "სინდბადი" რამდენიმე წელია ტურისტულ წყალქვეშა ნავად გამოიყენება. კომპანია "Sindbad Submarines"-ის ინფორმაციით, მათი ხომალდები მგზავრებს ჰურგადას სანაპიროსთან ახლოს მდებარე მარჯნის რიფების დასათვალიერებლად მიჰყავთ. კომპანია აცხადებს, რომ ფლობს მსოფლიოში არსებული "14 ნამდვილი რეკრეაციული წყალქვეშა ნავიდან" ორს, რომელშიც 44 ადგილია მგზავრებისთვის და ორი ადგილი პილოტებისთვის. ტურები განკუთვნილია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და მგზავრებს საშუალებას აძლევს 25 მეტრის სიღრმეზე იმოგზაურონ.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს