კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

ესტე ლაუდერის წარმატების ისტორია

ეკონომიკა ბიზნესი
ესტე ლაუდერის წარმატების ისტორია

ძლიერი, ინოვატორი, ჭკვიანი - ასე ახასიათებენ ქალს, რომელზეც დღეს მოგითხრობთ. მან საკუთარი დროის ყველა ნორმა დაამსხვრია. იმ სტერეოტიპის მიუხედავად, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისობისთვის იყო დაბადებული, უამრავი ქალბატონი კარიერის მიღმა დარჩა. ჩვენმა გმირმა - პოპულარული კოსმეტიკური ბრენდის შემქმნელმა, ესტე ლაუდერმა, შეძლო და სამყაროს დაუმტკიცა, რომ ბიზნესი და ოჯახი სავსებით შეთავსებადია. მონდომების შემთხვევაში, შესაძლებელია იყო როგორც პასუხისმგებლიანი მეუღლე, ასევე სამაგალითო ბიზნეს-ლედი.

ჯოზეფინ ესტერ მენცერი, იგივე ესტე ლაუდერი, 1908 წელს ნიუ-იორკში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ოჯახის მეცხრე, უმცროსი შვილი ბავშვობიდანვე აღტაცებული იყო დედის გარეგნობით და ცდილობდა, მისთვის მიებაძა. სილამაზის განსაკუთრებული აღქმა მას ბუნებით ჰქონდა გამჯდარი. როგორც თავად იხსენებდა, „დედა იყო პირველი, ვინც სილამაზედ აღვიქვი!“. ცნობილია, რომ დედა ხშირად ეუბნებოდა ქალიშვილს, რომ ქალის ხელების გარეგნობა ბევრს მეტყველებს მასზე. ესტერი ყოველდღიურად აკვირდებოდა, როგორ უვლიდა დედა საკუთარ კანს.

საქმიანობის კუთხით, ესტერი ყოველთვის მადლიერი იყო მამის, რადგან ბავშვობიდანვე მუშაობდა მის მაღაზიაში და სწორედ იქ დაეუფლა გაყიდვების ხელოვნებას. 1914 წლიდან ესტერს ბიძასთან, ქიმიკოს ჯონ სკოცთან უწევდა ხშირად ყოფნა, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. ჯონ სკოცმა შექმნა კანის მოვლის კრემების „საიდუმლო“ ფორმულები, რომელთა მიხედვით დამზადებულ პროდუქციას ესტერი მეგობრებსა და ნაცნობებზე ყიდდა. მას კარგი გარეგნობა, სუფთა კანი და დახვეწილი გემოვნება ჰქონდა, რაც პროდუქტის რეკლამირებაში ეხმარებოდა. ასე იწყებოდა აქცენტიანი ემიგრანტი გოგონას ბიზნესვუმენად გარდაქმნა.

„მჯერა, რომ პოტენციალი უსაზღვროა - წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გარისკავ და იმოქმედებ შენი ოცნებების შესაბამისად.“

1930 წელს ესტერი ჯო ლაუდერზე დაქორწინდა, ხოლო 1933 წელს პირველი შვილი შეეძინა. ოჯახს მისი ბიზნესის განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით - ქმრის გვარზე გადასვლის შემდეგ, მან დააარსა კანის მოვლის საშუალებების კომპანია „Lauder Chemist“. ესტერი და მისი ქმარი პროდუქციის რეკლამირებას ტელეფონითა და ტელეგრაფით ეწეოდნენ - სათითაოდ უკავშირდებოდნენ პოტენციურ კლიენტებს, სთავაზობდნენ პროდუქტს და უგზავნიდნენ მათ. აღსანიშნავია, რომ ესტერი გარკვეული პერიოდი მსახიობობაზე ოცნებობდა, რადგან მიაჩნდა, რომ „მსახიობები სილამაზის განსახიერებაა“. მან ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრში სპექტაკლშიც კი ითამაშა, თუმცა, მოგვიანებით მიხვდა, რომ საკუთარი სახელი ისტორიას უფრო ბიზნესით შემორჩებოდა, რადგან ამ საქმეში მეტი პოტენციალი ჰქონდა.

ესტერის კომპანიის პროდუქციას განსაკუთრებული ხარისხი გამოარჩევდა. თუმცა, მომხმარებლებმა არ იცოდნენ, რომ ის ღამღამობით პატარა სამზარეულოში მზადდებოდა. ერთხელ, ერთ-ერთმა კლიენტმა შეცდომით სალათის მომზადებისას მაიონეზის ნაცვლად კრემი გამოიყენა, რაზეც ესტერმა სიცილით განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, გამოდგება! ჩემი კრემები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება!“.

თავიდანვე ნათელი იყო ბიზნეს-ლედის მიზნები: ქალს დილასა და საღამოს მხოლოდ 10 წუთი აქვს თავისუფალი და სწორედ ამ დროში მისი კანი უნდა გახდეს უფრო ახალგაზრდა და მბრწყინავი - ესტერს სწორედ ეს სურდა. მისი კონცეფცია მარტივი იყო - „სწრაფი და ეფექტური“.

საკუთარი კარიერული წინსვლისთვის, 1939 წელს ესტერი ქმარს გაეყარა, მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად და საკუთარი ოფისი ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში გახსნა. კარიერული წინსვლისთვის იგი ფულსა და გავლენიან ადამიანებს იყენებდა. მან ბევრი რამ ისწავლა არნოლდ ლუისისგან, იმ დროისთვის ცნობილი არომატებისა და სურნელების საერთაშორისო კომპანიის თავმჯდომარისგან. 1942 წელს ესტერისა და ჯოს ქორწინება აღდგა და ისინი გაერთიანებული ძალებით ჩაუდგნენ სათავეში კომპანიის მართვას. მათ როლები გადაინაწილეს: ესტერს მარკეტინგსა და ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა დაევალა, ჯოს კი - ფინანსებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ ჯო პროფესიით ბუღალტერი იყო. საბოლოოდ, მათ ერთობლივად შექმნეს „ესტე ლაუდერის კოსმეტიკური კომპანია“ (Estée Lauder Cosmetics).

1944 წელს ნიუ-იორკში პირველი მაღაზია გაიხსნა. იმავე წელს ესტერს მეორე შვილი შეეძინა, თუმცა, ამას მისი ბიზნესის განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია. 1946 წელს ესტე ლაუდერის კომპანია ოფიციალურად დარეგისტრირდა. ესტერის იდეა იყო, თანამშრომლობა დაეწყო ისეთ ცნობილ მაღაზიებთან, როგორებიცაა „ბლუმინგდეილსი“, „მაკისი“, „Saks-ი“ და სხვა. ეს სტრატეგია საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, რადგან მისმა პროდუქციამ „ღირსეული“ ადგილი დაიმკვიდრა და ბრენდს დიდი პრესტიჟი შესძინა. მომხმარებლებმა მალევე გააცნობიერეს, რომ ესტე ლაუდერის პროდუქცია მაღალი ხარისხის იყო.

იმ პერიოდში კომპანიამ ოთხი ახალი პროდუქტი გამოუშვა - გამწმენდი ზეთი, კრემების ნაკრები, კანის უნიკალური კრემი და კანის ლოსიონი. ეს სიახლე მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა. სწორედ ამ ოთხი პროდუქტისა და რწმენის საფუძველზე, რომ ყველა ქალს შეუძლია იყოს ლამაზი, ესტერმა მთელი ენერგია საკუთარი ოცნების ასრულებას მოახმარა.

რაც უფრო იზრდებოდა ინოვატორი ლედის ბიზნესი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა პროდუქციის ელეგანტური შეფუთვა. ამიტომ, ესტერმა გადაწყვიტა პროდუქცია ისეთი ფერის ჭურჭელში ჩაესხა, რომელიც, მისივე თქმით, ნებისმიერი აბაზანის ინტერიერს მოუხდებოდა. 1950-იან წლებში ესტერს მტკიცედ სწამდა, რომ პროდუქტის უფასო ნიმუშების გავრცელება კომპანიას სარგებელს მოუტანდა. იმ დროისთვის ეს სიახლეს წარმოადგენდა. სხვა მსგავსი კომპანიების მენეჯერები ესტერის ამ ნაბიჯს სკეპტიკურად უყურებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ეს კომპანიას დააზარალებდა. თუმცა, ესტერმა ირონიულ გამოხმაურებას ყურადღება არ მიაქცია. მან სპეციალური სტენდები დაამზადა, სადაც მომხმარებლებს პროდუქციის უფასო ნიმუშების მიღება და დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში კი ისინი საჩუქარსაც მიიღებდნენ.

მას შემდეგ, რაც მისი პროდუქცია Saks Fifth Avenue-ში განთავსდა, ესტერი ყველა მყიდველს სპეციალურ პუდრას ჩუქნიდა, რის შედეგადაც ერთ კვირაში მთელი მარაგი გაიყიდა. სწორედ ამ შემთხვევამ დაუდო სათავე კომპანიის კონცეფციას - „საჩუქარი შენაძენზე“, რომელმაც საბოლოოდ გაამართლა. მომხმარებლების ზრდამ და შემოსავლების მნიშვნელოვანმა მატებამ ესტერს შესაძლებლობა მისცა, გაეხსნა ახალი მაღაზიები, ესარგებლა მაღალი დონის ლაბორატორიებით და თანამშრომლობა დაეწყო პროფესიონალ დერმატოლოგებთან. „მე არასდროს მიოცნებია წარმატებაზე - მე ვმუშაობდი ამისთვის!“ - აცხადებდა ესტერი.

ესტერი რეგულარულად სტუმრობდა სილამაზის სალონს (Ash Blondes), სადაც თმის ფერს განაახლებდა. ერთ დღეს, სალონის მფლობელმა ჰკითხა, თუ როგორ ინარჩუნებდა კანს ასეთ კარგ მდგომარეობაში. ესტერმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და მიხვდა, რომ ეს მომენტი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნებოდა. ერთი თვის შემდეგ სალონში საკუთარი პროდუქციით დაბრუნდა. სალონის მფლობელმა მალევე ირწმუნა ესტერის კრემების სასწაულმოქმედი ძალის და ესტერი სამსახურში აიყვანა - ამ ბიზნესშიც ჩაერთო.

1965 წლისთვის ბიზნესვუმენს საკუთარ ბიზნესში 14 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული. 1967 წელს კი ესტერი 100 საუკეთესო ანტრეპრენერს შორის მოხვდა. 70-იანი წლებისთვის ესტე ლაუდერის პროდუქცია უკვე 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა. 1973 წელს ბრენდის პრეზიდენტის პოზიცია ესტერის უმცროსმა შვილმა, ლეონარდომ დაიკავა, თავმჯდომარედ კი მისი მეუღლე, ჯო დარჩა, თუმცა, რეალურად, ბრენდის მფლობელი და სახე თავად ჯოზეფინ ესტერი იყო.

1985 წელს ესტე ლაუდერზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, სახელწოდებით „ესტე ლაუდერი: წარმატების ტკბილი სურნელი“, რომელშიც მან საკუთარი წარმატება შემდეგნაირად ახსნა: „არც ერთი დღე მიცხოვრია გაყიდვების გარეშე. თუკი რაიმესი მწამს, მას მომენტალურად ვყიდი, თავდაუზოგავად!“ 1990 წლისთვის მთელი ამერიკული კოსმეტიკის მესამედი ესტე ლაუდერის ბრენდის მიერ იყო წარმოებული. საბოლოოდ, 60 წლის განმავლობაში ესტე ლაუდერმა შექმნა კოსმეტიკური ბრენდების ფართო სპექტრი, რომლებიც მომენტალურად გახდნენ პოპულარული მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. ესტერ ლაუდერს ძალიან უხაროდა, რომ მისი შვილები ოდესმე მის მიერ შექმნილ ბიზნესს უხელმძღვანელებდნენ. იგი კომპანიიდან 1995 წელს წამოვიდა, ხოლო 2004 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე მას პრეზიდენტის მედალი მიენიჭა. „ჩემი კომპანია თავისი უშიშარი სულისკვეთებით ცოცხლობს, ჩემი შვილები და შვილიშვილები კი ამას ამტკიცებენ - მე მათ ჩემი რწმენა გადავდე.“

იმ პერიოდში, როდესაც ბიზნესის მართვის სადავეები თითქმის მხოლოდ მამაკაცებს ეპყრათ ხელთ, ესტე ლაუდერმა გაბედა და დიდი ინსპირაციითა და მოტივაციით ააშენა ესტე ლაუდერის კოსმეტიკის „იმპერია“, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას ბაზარზე. „თქვენ ჩემს ასაკს მეკითხებით? - გეტყვით, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, როგორ ბრწყინავთ - სილამაზის საიდუმლო სწორედ ამაშია!“

კომენტარები