კანონის მიღებით, ევროპა ხაზს უსვამს ნდობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ასევე უზრუნველყოფს ამ სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიის განვითარებას და ევროპული ინოვაციების წახალისებას, - განაცხადა ბელგიის ციფრული ტრანსფორმაციის სახელმწიფო მდივანმა, მათიე მიშელმა. დოკუმენტი ხელოვნური ინტელექტის მიმართ რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას იყენებს. ის კრძალავს ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც რისკის დონის მიხედვით მიუღებლად არის მიჩნეული. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას „სოციალური რეიტინგის“ სისტემებში, რომლებიც მოქალაქეებს პირად მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ანიჭებენ რანგს. კანონი კრძალავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამუშაო ადგილებსა და სკოლებში ადამიანების ემოციების ამოსაცნობად. პოლიციას არ მიეცემა შესაძლებლობა, გამოიყენოს ტექნოლოგია საფრთხეების წინასწარმეტყველებისა და მოდელირებისთვის. რეგულაცია ადგენს წესებს ხელოვნური ინტელექტისთვის, რომელიც ეფუძნება ტექნოლოგიის გამოყენების რისკებს ავტონომიურ ტრანსპორტში, სამედიცინო მოწყობილობებში, ფინანსურ სერვისებსა და განათლების სფეროში. ამ წესებს სერიოზული შედეგები მოჰყვება ნებისმიერი პირისა და კომპანიისთვის, რომლებიც ამუშავებენ, იყენებენ და ყიდიან ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, აღნიშნა იურიდიული ფირმა Cripps-ის პარტნიორმა, მეთიუ ჰოლმანმა. მისი თქმით, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები ყურადღებით აკვირდებიან ევროკავშირში კანონის განვითარებას. ევროკომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, კანონდამრღვევი კომპანიები 35 მილიონ ევრომდე ან მათი წლიური გლობალური შემოსავლის 7%-მდე ოდენობით დააჯარიმოს. OpenAI-ის ChatGPT-ის 2022 წლის ნოემბერში გამოჩენის შემდეგ, ევროპელმა ჩინოვნიკებმა გააცნობიერეს, რომ არსებულ კანონმდებლობაში არ იყო საკმარისი სიცხადე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ახალი ტექნოლოგიების საწყისი შესაძლებლობების კონტროლისა და საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებისთვის. ევროკავშირის კანონი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, რომლებსაც კავშირი სწორედ ასე მოიხსენიებს. დოკუმენტი მოითხოვს ევროკავშირის საავტორო უფლებების კანონმდებლობის დაცვას და მოდელების სწავლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალეობას. ასევე, დებულება ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების რეგულარულ ტესტირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. შეზღუდვები ძალაში კანონის ძალაში შესვლიდან არა უადრეს 12 თვისა შევა. OpenAI-ს, Google-სა და Microsoft-ს ექნებათ 36 თვე ChatGPT, Gemini და Copilot პროგრამების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს