ყოფილ ფეხბურთელს, ჯოი ბარტონს, ცოლზე თავდასხმისთვის ბრალი დასდეს. სასამართლომ დაადგინა, რომ მან ცოლი იატაკზე დააგდო და თავში ფეხი ჩაარტყა. ინციდენტი 2021 წლის ივნისში, ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მათ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ წყვილს შორის ჩხუბის დროს მოხდა. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ბარტონი, რომელიც იმ დროს საფეხბურთო კლუბ "ბრისტოლ როვერსის" მწვრთნელი იყო, მეუღლის ძმისა და მამის წინააღმდეგ ძალადობით იმუქრებოდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. სასამართლომ ბარტონს 12-კვირიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქალბატონ ბარტონს თავზე შესიება და სისხლდენა აღენიშნებოდა. თავდასხმის შემდეგ მან პოლიციას გამოუძახა და განაცხადა, რომ ქმარმა სცემა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურაში წერილი გაგზავნა და ბრალდებები უკან წაიღო. მთავარმა მაგისტრატმა პოლ გოლდსპრინგმა ბარტონის ახსნა-განმარტებები არადამაჯერებლად მიიჩნია და ბრალდებულად ცნო. მიუხედავად იმისა, რომ ბარტონს წარსულში ძალადობის ისტორია ჰქონდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ დაუყოვნებელი პატიმრობა აუცილებელი არ იყო.
გოლდსპრინგმა აღნიშნა, რომ შემამსუბუქებელი გარემოება ის იყო, რომ წყვილი კვლავ ბედნიერ ურთიერთობაშია და ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, და დასძინა, რომ არ სურდა ამ ურთიერთობაში ჩარევა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბარტონმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყო მაგისტრატების გადაწყვეტილებით და აპირებდა მის გასაჩივრებას უმაღლეს სასამართლოში. პროკურორმა ჰელენა დუონგმა სასამართლოს განუცხადა, რომ ქალბატონი ბარტონის მიერ პოლიციისთვის განხორციელებული ზარი "დამაჯერებელი მტკიცებულება" იყო, რადგან მან ყველაფერი "ნათლად აღწერა". დუონგმა ასევე აღნიშნა, რომ ქალბატონი ბარტონის სისხლიანი ცხვირი "ტრავმაა, რომელიც ახსნას საჭიროებს" და რომ ეს აშკარად შემთხვევით არ მომხდარა.
ბარტონმა სასამართლოში განაცხადა, რომ ცოლთან იკამათა, მაგრამ უარყო რაიმე "ფიზიკური" ძალადობა. სასამართლო პროცესზე ითქვა, რომ ის ინციდენტის ღამეს საძინებელში დააკავეს, სადაც ეძინა და ჯერ კიდევ ნასვამი იყო. ყოფილ ფეხბურთელს სასამართლო პროცესი 2022 წელს უნდა გასულიყო, მაგრამ საქმე გადაიდო მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ბარტონმა წერილი გაგზავნა და ბრალდებები უკან წაიღო. წერილში მან განაცხადა, რომ მისი დაზიანებები შემთხვევით იყო გამოწვეული, როდესაც მეგობარი ცდილობდა წყვილის გაშველებას.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს