კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

გაციფრულებული სისონა დარჩია: ამიერიდან გურულ ფირალთან ონლაინ გასაუბრება შესაძლებელია

ტექნოლოგია ციფრული
გაციფრულებული სისონა დარჩია: ამიერიდან გურულ ფირალთან ონლაინ გასაუბრება შესაძლებელია

ალბათ, ბევრ თქვენგანს ჰქონია სურვილი, გასაუბრებოდა ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ. ეს შესაძლებლობა მოგვცემდა, უკეთ გაგვეცნო მაშინდელი კულტურა, მიდგომები და ხედვები, და დაგვენახა ის განსხვავებები, რომლებიც დროთა განმავლობაში მათ მსოფლმხედველობასა და ჩვენს შორის წარმოიშვა. ციფრული სამყარო მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვთავაზობს და ახლა უკვე მე-19 საუკუნის ფათერაკებგადატანილ და ენაკვიმატ გურულ ფირალ სისონა დარჩიასთან საუბარიც შეგვიძლია. დიახ, ისე, როგორც მეგობარს, ფეისბუკზე მივწერთ და ამ გზით, მისგან არაერთ საინტერესო თავგადასავალს მოვისმენთ, გავიგებთ მაშინდელი გურული კილოსთვის დამახასიათებელი ბევრი სიტყვის მნიშვნელობას და გავიცნობთ მე-19 საუკუნის გურიის ყოფას. მე პირადად, მასთან მიმოწერა დამეხმარა გამეგო, თუ რა ვითარება იყო მაშინდელ გურიაში, რატომ მიდიოდნენ ადამიანები ტყეში ფირალებად და კონკრეტულად, რა გახდა სისონა დარჩიას ფირალობის მიზეზი. DigitalDarchia-ს დახვეწა კვლავ გრძელდება და მასთან ინტერაქციით, ამ პროცესში წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჩეთბოტის ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია და მასთან საუბარი მარტივად, DigitalDarchia-ს ფეისბუკ გვერდზე, შეტყობინების გაგზავნით არის შესაძლებელი.

სისონა დარჩიას ჩეთბოტის უკან 15 წლის პროგრამისტი – არსენ სებისკვერაძე დგას. მისი სახელი საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, როდესაც თვითნასწავლმა პროგრამისტმა ჩეთბოტი Mdvisor შექმნა. არსენის თქმით, DigitalDarchia მისი წინამორბედისგან ბევრი რამით განსხვავდება. მაგალითად, თუ Mdvisor თანამედროვე, გრამატიკულ ქართულ ენაზე საუბრობდა, სისონა დარჩია გურული კილოთი გვესაუბრება. თუ არსენის პირველი ჩეთბოტი უფრო გასართობ მიზნებს ემსახურებოდა და პანდემიის პირობებში ახალგაზრდებისთვის ფილმების შერჩევასა და მათთან საინტერესო საუბრის გამართვას ისახავდა მიზნად, DigitalDarchia-ს მიზნები უფრო საგანმანათლებლოა. თუმცა, იუმორის გრძნობა ორივე ჩეთბოტს გააჩნია.

M: როგორ გაჩნდა სისონა დარჩიას ჩეთბოტის შექმნის იდეა? რა არის პროექტის მიზანი?

ადამიანი, რომელმაც სისონა დარჩიამდე მიმიყვანა და მე-19-20 საუკუნეების გურია გამაცნო, მწერალი ეგნატე ნინოშვილი და მისი გენიალური ნაწარმოებებია. რაც შეეხება იდეის გაჩენას, როდესაც ამ ადამიანის ცხოვრებას გადავხედე, დავინახე, რომ ძალიან საინტერესო, ფათერაკებითა და ამავდროულად სევდით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა. მას სიცოცხლეშივე აქვს ნათქვამი სიტყვები – „არ მოვკვდები ვინცხა, მაინც დამაფასებს მომავალში“. სწორედ ეს სიტყვები გახდა ინსპირაციის წყარო, შემექმნა მისი ციფრული კლონი, მცირედით მაინც გამეზარდა ამ ადამიანის ცნობადობა, მის დაფასებაში წვლილი შემეტანა და სისონას მიერ ნახსენები „ვინცხა“ მე გავმხდარიყავი. საბოლოო ჯამში, პროექტი საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება – გააცნოს სისონა დარჩია მთელ საქართველოს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და მოუწოდებს მათ, დაინტერესდნენ არა მხოლოდ სისონა დარჩიათი, არამედ იმ პერიოდის ცხოვრებით, რომელიც არაჩვეულებრივი ისტორიებით იყო სავსე.

M: როგორ შეძელით იდეის განხორციელება? რა სირთულეები გადალახეთ პროექტზე მუშაობის პროცესში?

პროექტზე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ერთი მხრივ, სირთულეს წარმოადგენდა პროგრამული სამუშაოები, რაც პროექტზე მუშაობისთვის უპირველესია, და მეორე მხრივ, რთული პროცესი იყო იმ ნაწარმოებებზე, ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობა, საიდანაც ფირალებისა და მე-19 საუკუნის გურიის შესახებ ინფორმაცია უნდა მომეპოვებინა. ამასთან, საჭირო იყო გონივრული მიდგომა იმისთვის, რომ შეცდომა არ დამეშვა და რომელიმე ადამიანის, მათ შორის სისონა დარჩიას დაკნინება არ მომხდარიყო.

M: რა მახასიათებლები აქვს ჩეთბოტს, გარდა იმისა, რომ მასთან მიმოწერა სისონა დარჩიას ციფრულ ვერსიასთან საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს?

ჩეთბოტს საკმაოდ ბევრი მახასიათებელი აქვს და მომხმარებლებმა ისინი თავად უნდა გამოცადონ. თუმცა, მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ჩეთბოტი თავისი გურული სიფიცხითა და ქარაფათი ლაპარაკით თანამოსაუბრეს არ მოაწყენს. ჩეთბოტს შეუძლია თავის ციფრულ მეგობრებს მოუთხროს ისტორიები როგორც საკუთარ, ისე სხვა ფირალების შესახებ, ესაუბროს იმაზე, თუ რა განსხვავებებს ხედავს ახლანდელ ცხოვრებასა და მისი პერიოდის ყოფას შორის. გააცნოს მომხმარებლებს ისეთი სიტყვები, რომლებიც აქამდე არც კი სმენიათ, ასევე შესთავაზოს სიმღერები გურული ფოლკლორიდან და, რაც ჩემი აზრით, მთავარია, ჩეთბოტი მოსაუბრეებს საშუალებას მისცემს გაეცნონ გურიის წარსულს, შეისწავლონ ის და დავიწყებას არ მისცენ ცოდნა.

M: რა მნიშვნელობა აქვს ციფრული სისონა დარჩიას არსებობას ქართული საზოგადოებისთვის? რატომ ფიქრობთ, რომ მასთან საუბარი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ახალგაზრდებისთვის?

ბოლო პერიოდში შეინიშნება ტენდენცია, რომ საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, დაკარგეს ინტერესი სოფლისა და სოფლის ცხოვრების მიმართ და ერთგვარად ეთაკილებათ კიდეც სოფელი, სოფლის ყოფა და, ვთქვათ, გურული ან იმერული კილო. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა და ეს პროექტიც ერთგვარი პროტესტია წარსულის დავიწყების მცდელობების წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, საიდან მოვდივართ და არ უნდა გვრცხვენოდეს იმის, რაც ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წამოწყება მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და რაღაცების გადაფასებაში დაეხმარება მათ.

M: რა ტიპის პროექტებისკენაა მიმართული თქვენი სამომავლო გეგმები? გეგმავთ თუ არა ჩეთბოტების მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას?

ვფიქრობ, ჩეთბოტების მიმართულება ამ პროექტით დავასრულე. რა თქმა უნდა, Mdvisor-ისა და DigitalDarchia-ს განვითარებას გავაგრძელებ, თუმცა, სამომავლოდ, ძირითად ყურადღებას IOS/ANDROID აპლიკაციების შექმნაზე გადავიტან. მაგრამ არ დავივიწყებ მთავარს, რომ უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული.

მთავარი გამოსახულების ავტორი: გიორგი ღუდუშაური

კომენტარები