"გოლდენ სტეიტ უორიორსის" შვიდმატჩიანი მოგებათა სერია სან-ფრანცისკოში, "დენვერ ნაგეტსთან" დამარცხებით დასრულდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმა, საკუთარი გუნდის თამაში "საშინლად" შეაფასა. "ნაგეტსის" მოთამაშემ, აარონ გორდონმა, სეზონის რეკორდი დაამყარა და 38 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ "დენვერი" მოედანზე თავისი ლიდერის, ნიკოლა იოკიჩის გარეშე თამაშობდა, მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 114-105.
კერის თქმით, "უორიორსმა" თამაში ცუდად დაიწყო და რიტმი ვერ იპოვა, მაშინ როდესაც "ნაგეტსი" ბრწყინვალედ თამაშობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვება დამსახურებულად "დენვერს" ერგო. რასელ ვესტბრუკმა, რომელსაც NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი აქვს, კიდევ ერთი, 203-ე სამმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 11 მოხსნა და 16 შედეგიანი გადაცემა. "უორიორსის" მხრიდან ჯიმი ბატლერმა 23 ქულა დააგროვა, ხოლო სტეფან კარიმ - 20. ეს იყო "გოლდენ სტეიტის" მხოლოდ მეორე წაგება ბოლო 14 მატჩში. "დენვერი" დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფის ბოლო, მეექვსე ადგილზეა.
"ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა", რომელსაც კვლავ აკლია ტრავმირებული ლებრონ ჯეიმსი, "სან ანტონიო სპურსი" ანგარიშით 125-109 დაამარცხა. ოსტინ რივზი "ლეიკერსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო 30 ქულით. ლუკა დონჩიჩმა 21 ქულა, 9 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. "ჰიუსტონ როკეტსმა" მესამე მეოთხედში 25-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დამატებით დროში "ფილადელფია სიქსერსი" ანგარიშით 144-137 დაამარცხა. ისინი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებენ. "მინესოტა ტიმბერვულვზსაც" დამატებითი დრო დასჭირდა "ინდიანა პეისერსის" დასამარცხებლად ანგარიშით 132-130. ობი ტოპინმა 34 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. "ნიუ-იორკ ნიქსმა" "მაიამი ჰიტი" ანგარიშით 116-95 დაამარცხა და აღმოსავლეთში მესამე ადგილზეა, ხოლო "დეტროიტ პისტონსი" მეექვსე ადგილზეა "ნიუ ორლეან პელიკანსის" ანგარიშით 127-81 დამარცხების შემდეგ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს