ცნობილმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ განაცხადა, რომ ტიმოთი შალამესთან ინტიმური სცენების გადაღებისას, მან გადასაღებ მოედანზე მყოფ ინტიმური სცენების კოორდინატორს სთხოვა, გარკვეული მანძილი დაეცვა. პელტროუს თქმით, მისთვის მიუღებელია, როდესაც ვინმე კარნახობს, როგორ უნდა ითამაშოს მსგავს სცენებში, რადგან ეს მის შემოქმედებით თავისუფლებას ზღუდავს.
ახალ ფილმში, სახელწოდებით "Marty Supreme", შალამე პინგ-პონგის ნიჭიერ მოთამაშეს განასახიერებს, ხოლო პელტროუ კონკურენტი პროფესიონალის მეუღლეს, რომელსაც მასთან რომანი აქვს. პელტროუმ აღნიშნა, რომ ფილმში საკმაოდ ბევრი ინტიმური სცენაა.
მსახიობმა ასევე აღიარა, რომ მანამდე არ იცოდა ჰოლივუდში ინტიმური სცენების კოორდინატორების არსებობის შესახებ. ეს პრაქტიკა "Me Too"-ს მოძრაობის შემდეგ დამკვიდრდა, რათა მსახიობებმა თავი დაცულად იგრძნონ გადასაღებ მოედანზე.
პელტროუს თქმით, ერთ-ერთი ინტიმური სცენის გადაღებისას, კოორდინატორმა ჰკითხა, რამდენად კომფორტულად იგრძნობდა თავს გარკვეული მოძრაობის შესრულებისას. პელტროუმ უპასუხა, რომ ის იმ ეპოქიდანაა, როდესაც მსახიობები იხდიან, საწოლში წვებიან და კამერა იღებს. ამიტომ, მან და მისმა პარტნიორმა კოორდინატორს სთხოვეს, ცოტა მოშორებით ყოფილიყო.
პელტროუმ ასევე ხუმრობით აღნიშნა, რომ ასაკობრივი სხვაობა მასა და შალამეს შორის განსაკუთრებით ინტიმური სცენების გადაღებისას იგრძნო. მან შალამეს "მოაზროვნე მამაკაცის სექს-სიმბოლო" უწოდა და აღნიშნა, რომ ის ძალიან თავაზიანი, კარგად აღზრდილი და სერიოზული მსახიობია, რომელთანაც მუშაობა სასიამოვნოა.
პელტროუმ 1999 წელს ოსკარი ფილმისთვის "შეყვარებული შექსპირი" მიიღო, რომელიც ჰარვი ვაინშტაინმა გადაიღო. მოგვიანებით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ბოლო წლებში პელტროუ "Marvel"-ის რამდენიმე ფილმში ითამაშა და Netflix-ის სერიალში "პოლიტიკოსი" გამოჩნდა, მაგრამ "Marty Supreme"-ს 2010 წლის შემდეგ მის პირველ სერიოზულ როლად მიიჩნევს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს