"შარლოტ ჰორნეტსის" გამთამაშებელი ლამელო ბოლი მარჯვენა ტერფისა და მაჯის პრობლემების გამო რეგულარული სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ბოლი ორივე პრობლემის მოსაგვარებლად მცირე სამედიცინო პროცედურებს ჩაიტარებს. მარჯვენა ტერფის იმპინჯმენტის გამო კი ართროსკოპიული ოპერაციაა დაგეგმილი.
23 წლის სუპერვარსკვლავს 2021-22 წლების სეზონის შემდეგ არც ერთში არ მიუღია მონაწილეობა 50-ზე მეტ მატჩში. 2022-23 წლების სეზონში მან მხოლოდ 36 მატჩი ჩაატარა, 2023-24 წლებში – 22, ხოლო მიმდინარე 2024-25 წლების სეზონში – 47.
მიმდინარე სეზონში ბოლის საშუალო მაჩვენებლებია 25.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 7.4 შედეგიანი გადაცემა და 1.1 ჩაჭრა. თამაშში საშუალოდ 11.2 სამქულიანის მცდელობის მიუხედავად, მან შორი მანძილიდან მხოლოდ 33.9 პროცენტით ისროლა. ბოლი ფრენჩაიზის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ერთ სეზონში საშუალოდ მინიმუმ 25 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"შარლოტი" სატურნირო ცხრილის ფსკერისთვის ბრძოლაშია ჩართული, გუნდის ბალანსი 18 მოგება და 54 წაგებაა. მხოლოდ "იუტა ჯაზი" და "ვაშინგტონ ვიზარდსი" გამოიყურებიან უარესად.
ბოლის ტერფის პრობლემები "ჰორნეტსის" გრძელვადიან პერსპექტივასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს. დადგება კი ოდესმე დრო, როდესაც "შარლოტს" ბოლის ჯანმრთელობის იმედი ექნება? ის ფაქტი, რომ ბოლი კვლავ ტერფის პრობლემებს ებრძვის, "ჰორნეტსისთვის" სერიოზული საფიქრალი უნდა იყოს.
გუნდში საკმაოდ კარგი ბირთვია ბრენდონ მილერისა და მარკ უილიამსის სახით, თუმცა არც მათ აუვლიათ გვერდი ტრავმებს. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ "ჰორნეტსმა" ბოლთან უკვე გააფორმა სოლიდური კონტრაქტი, ხუთწლიანი შეთანხმება 204 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს თანხა გარანტირებულია 2028-29 წლების სეზონამდე და როდესაც ეს სეზონი უკვე ჩაიშალა, გუნდს კიდევ ოთხი წელი აქვს ამ ინვესტიციის გამართლებისთვის.
ეს ფრენჩაიზია პლეი-ოფში 2015-16 წლების სეზონის შემდეგ არ გასულა, მაშინ გუნდის ლიდერები კემბა უოკერი და ელ ჯეფერსონი იყვნენ. მიმდინარე წელს პოსტსეზონის მიღმა გატარებული უკვე მეცხრე სეზონი იქნება.
ბოლის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ძნელია შეფასდეს, შეუძლია თუ არა მას ნამდვილად კონკურენტუნარიანი გუნდის ლიდერობა, თუ უბრალოდ სტატისტიკას იუმჯობესებს აუტსაიდერ გუნდში. ის ხშირად არაორდინალურ სროლებს ახორციელებს, დაცვაში სუსტად გამოიყურება და ჯერჯერობით ვერ ახერხებს თავისი ექსპრესიული სტილის დისციპლინასთან შეთავსებას.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს