ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სიახლოვეს, ტურისტებზე თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ორი ქალი, მათ შორის ისრაელის მოქალაქე, ჯგუფურად გააუპატიურეს.
პოლიციის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი - ორი ქალი და სამი მამაკაცი - მდინარე ტუნგაბჰადრასთან ახლოს, სანაპურის მიდამოებში იმყოფებოდა, როდესაც მათ თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა მამაკაცები მდინარეში გადაყარეს, ხოლო ქალები გააუპატიურეს. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, გადარჩა, ხოლო მეორე მამაკაცის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები ჯგუფს გაჰყვნენ. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, ისინი ტაძრის მახლობლად ვარსკვლავებს აკვირდებოდნენ, როდესაც მოტოციკლით სამი მამაკაცი მივიდა და ბენზინი ითხოვა. მოგვიანებით, მათ ტურისტებს ფული მოსთხოვეს, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ ადგილობრივ საავადმყოფოში. ჰამპი, სადაც ეს თავდასხმა მოხდა, უძველესი სოფელია კარნატაკას შტატში და ცნობილია ვიჯაიანაგარას იმპერიის ნანგრევებითა და ტაძრებით.
კარნატაკას მთავრობის მეთაურმა მომხდარი ფაქტი დაგმო და პირობა დადო, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს