რესტორნებისა და კვების ობიექტების მრავალფეროვნების მიუხედავად, ოჯახური სამზარეულო კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას. „სახლში დამზადებული“ კვლავაც უგემრიელეს კერძებთან ასოცირდება. სწორედ ეს იდეა დაედო საფუძვლად საცხობ „იო ე ტეს“ შექმნას. საცხობს ნინო სურგულაძე და ქეთი სურგულაძე ერთად ხელმძღვანელობენ. ქეთი პროფესიით ისტორიკოსია, ნინო კი – მხატვარი. „იო ე ტეს“ პარალელურად, ნინო მარჯანიშვილის თეატრის მხატვარი და ექსპო ჯორჯიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
როგორც ნინო სურგულაძემ აღნიშნა, ქეთის კულინარიული ნიჭი წინაპრებისგან გამოჰყვა, ხოლო თავად ექსპერიმენტების სიყვარული ამოძრავებს. „იო ე ტეს“ ისტორია კითხვით დაიწყო: „რა გავაკეთოთ?“. „ამდენი საუბრის ნაცვლად, მართლა გაგვეკეთებინა პატარა საცხობიო“, – უთხრა მამაჩემმა მე და ქეთის და დაგვეხმარა კიდეც. ამრიგად, „იო ე ტეს“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, კონსულტანტი და პირველი დეგუსტატორი მამაა“, – ამბობს ნინო სურგულაძე.
კითხვა: თქვენ, თქვენი მამა, ქეთი… კიდევ ვინ მონაწილეობს საცხობის საქმიანობაში?
ქეთი ჩემი მამიდაა. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა მცირეა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის უფროსი დის ფუნქციას ასრულებს. ასევე, გვეხმარება ქეთის მამიდაშვილი, ეთერ ინასარიძე, რომელიც ცნობილია თავისი ტორტებით. ჩვენი მენეჯერია ნინუცა ლაითაძე და საერთო ჯამში, ძალიან კარგი გუნდი გვყავს: მარიამი, ნათია, ცუნცულა, რიმაჩკა…
კითხვა: საცხობის კონცეფცია როგორ დაიბადა?
ლევან წულაძე ბოლონიაში დგამდა სპექტაკლს და მე, როგორც კოსტიუმების მხატვარი, მას გავყევი. გარკვეული დრო მოგვიწია იქ ცხოვრება, რის გამოც ბევრ კაფესა თუ რესტორანს ვეწვიეთ. დავაკვირდი, რომ ჩვენი იტალიელი მეგობრები, მსახიობები, ადგილს ინტერიერის მიხედვით არასდროს ირჩევდნენ (თბილისში მოგეხსენებათ, რა დიდ ყურადღებას ვაქცევთ დიზაინს და ა.შ.) და ხშირად ძალიან უბრალო ადგილებშიც კი მივყავდით სადილზე. თუმცა, ადგილზე საოცარი კერძებით გვიმასპინძლდებოდნენ და ყველა სამზარეულოში მხოლოდ ოჯახის წევრებს შეხვდებოდით. მაგალითად, ერთხელ ძალიან მოხუცი ქალბატონი ამზადებდა ნიოკის და ყველა მოუთმენლად ველოდით ამ კერძის გასინჯვას. ზოგადად, ბოლონია იტალიის ერთ-ერთ კულინარიულ ცენტრად ითვლება. იქ კონკრეტული ოჯახების კერძებით ამაყობენ. მაშინ დავფიქრდი, რომ თბილისში „ოჯახური“, „სახლური“ ხაჭაპურის დაგემოვნება, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და ქართველებისთვის ხაჭაპური ისეთივე მნიშვნელობის კერძია, როგორც იტალიელებისთვის პიცა, ძალიან ცოტა ადგილას თუ არის შესაძლებელი. თან, ჩვენთან შეკვეთილი კერძებით შეგიძლიათ სტუმრებთან თავი მოიწონოთ და თამამად განაცხადოთ, რომ თქვენი მომზადებულია და არც შერცხვებით.
კითხვა: სახელი როგორ შეარჩიეთ და რას ნიშნავს „იო ე ტე“?
სახელზე ბევრი ვიფიქრეთ და თითქმის ყველა მეგობარი იყო ჩართული. ხან ფერებს განვიხილავდით, შემდეგ ყვავილებისა და მწვანილების სახელწოდებებს მივადექით. მაგრამ ერთ დღეს ჩემი საყვარელი ფილმის, „იო ე ტეს“ პოსტერი შემხვდა და ვიფიქრე, რატომაც არა? თან, ეს ფილმი ბავშვობის მოგონებებს ეხება, ჩვენი სამზარეულო კი სწორედ ამ შეგრძნებებს აბრუნებს. „იო ე ტე“ იტალიურიდან ქართულად „მე და შენ“-ს ნიშნავს. როდესაც დიზაინერ ლიზი შავიშვილს ვთხოვე, სხვადასხვა შრიფტით ეჩვენებინა, როგორ შეიძლებოდა წარწერის გაკეთება, ლიზიმ უცებ გაგვახსენა, რომ „ტე“ იტალიურად ჩაისაც ნიშნავს (უბრალოდ, განსხვავებულად იწერება). ამგვარად, კითხვები აღარ დარჩა: საუზმე, ჩაი, მე და შენ… და ჩვენ ავირჩიეთ „იო ე ტე“.
კითხვა: რით გამოირჩევა „იო ე ტე“ სხვა კულინარიული ობიექტებისგან?
ალბათ, იმით, რომ ჩვენთან სასიამოვნო, ლამაზი და თბილი გარემოა, გვაქვს გემრიელი მენიუ, რომელიც ბევრს ბავშვობაში აბრუნებს. ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ საუკეთესო ყავა, რომელიც „დაინინგიდან“ (მარჯანიშვილის #8) მოგვეწოდება. თავის მხრივ, ეს ყავა ლონდონიდან ჩამოდის თბილისში. ასევე, ჩვენთან ექსკლუზიურად „დანიელის“ საუკეთესო ღვინოები გვაქვს, რომელთა დაგემოვნება საღამოს, ჩვენს კერძებთან ერთად შეგიძლიათ. გვაქვს შესანიშნავი მუსიკა, პოპ და როკ კომპოზიციებთან ერთად, ხშირად ისმის კლასიკური მუსიკა და არიები სხვადასხვა ოპერიდან, რაც შესაძლოა ცოტა „კიჩურია“ და სასაცილოც კი, მაგრამ კარგ განწყობას ქმნის.
კითხვა: გვიამბეთ თქვენი სერვისის თავისებურებებზე…
დილაადრიან ვიწყებთ მუშაობას. 8:30 საათზე უკვე შესაძლებელია ცხელი ყავისა და საუზმის მირთმევა. ადგილზე მიტანის სერვისი, რა თქმა უნდა, გვაქვს და შეკვეთებსაც ვიღებთ დღესასწაულებისა და წვეულებებისთვის, იქნება ეს კერძო თუ კორპორატიული ღონისძიება. ჩვენთან შეიძენთ სპეციალურ ორცხობილებს, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს ხმარდება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს