შაბათს, დუბლინში, "ავiva სტადიონზე" ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა შესაძლოა, ექვსი ერის თასის გამარჯვებულის ვინაობისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ორივე გუნდის შემადგენლობაში არაერთი საინტერესო დაპირისპირება იკვეთება. კერძოდ, მერვე ნომრების დუელი - კაელან დორისისა და გრეგორი ალდრიტის დაპირისპირება, ასევე პირველხაზელების - ენდრიუ პორტერისა და უინი ატონიოს შერკინება. ცენტრების ხაზში კი ბუნდი აკი იორამ მოეფანას დაუპირისპირდება.
თუმცა, უმეტესი ყურადღება მაინც ნახევარმცველების დუელისკენაა მიმართული. საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს ანტუან დიუპონი - გამორჩეული ნიჭის მქონე მოთამაშე, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის ტიტული როგორც 15-კაცა, ისე 7-კაცა რაგბში აქვს მოპოვებული. ის ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი და ამ სპორტის სახეა. მისი განსაკუთრებული ნიჭის გამო, თანაგუნდელები მას "მარსიანელსაც" კი უწოდებენ.
დიუპონის ღირსეული მეტოქე შაბათს ჯემისონ გიბსონ-პარკი იქნება. გუნდში მას "ჯამოს" ეძახიან. ის ირლანდიის ნაკრების რიტმის მიმცემი და ბრიტანეთისა და ირლანდიის ლომების ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია.
ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, საიმონ ისტერბის თქმით, ეს იქნება საინტერესო დაპირისპირება, რადგან მოედანზე ორი შესანიშნავი მოთამაშე იქნება, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან. მისივე თქმით, გუნდებში ბევრი ინდივიდუალური დუელია, მაგრამ ეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
გიბსონ-პარკისა და დიუპონის გზები აქამდეც გადაკვეთილა. ისინი ჩემპიონთა თასზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის შარშანდელ ფინალში, სადაც დიუპონის "ტულუზამ" დამატებით დროში გიბსონ-პარკის "ლენსტერი" დაამარცხა. ექვსი ერის თასზე ისინი სამჯერ შეხვდნენ, თუმცა 2022 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა (2023 წელს გიბსონ-პარკი ტრავმირებული იყო, დიუპონმა კი შარშანდელ ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიიღო). ამჯერად, შეხვედრის მნიშვნელობა განსაკუთრებულია.
დიუპონისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თამაშია. მოთამაშისთვის, რომელსაც ზოგიერთი ყველა დროის საუკეთესოდ მიიჩნევს, ექვსი ერის თასზე მხოლოდ ერთი გამარჯვება (2022 წელს) არასაკმარისია. მას მოტივაცია არ აკლია დუბლინში ჩასასვლელად. 2023 წელს, მისმა გმირულმა ბოჭვამაც კი ვერ შეაჩერა ირლანდიის ნაკრები დიდი სლემისკენ მიმავალ გზაზე. მოგვიანებით, საფრანგეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთისთვის მეოთხედფინალში დასრულდა. ოლიმპიური დებიუტის მოლოდინში, დიუპონმა შარშანდელ ექვსი ერის თასში მონაწილეობა არ მიიღო და "ლურჯები" კვლავ ირლანდიელებს ჩამორჩნენ. მან მაისში "ტულუზა" ჩემპიონთა თასამდე მიიყვანა, მაგრამ სანაკრებო დონეზე მეტ ტიტულს ნატრობს.
იმის გათვალისწინებით, რომ ტოპ 14-ში მონაწილეობის გამო, ის, სავარაუდოდ, ზაფხულში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მომდევნო რამდენიმე კვირას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის საფრანგეთის ნაკრებს ექვსი ერის თასზე ძალაუფლების დაბრუნებას შეეცდება.
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ფაბიენ გალტიესთვის სასიხარულოა, რომ დიუპონი 7-კაცა რაგბიდან დაბრუნების შემდეგ კარგ ფორმაშია. "ტულუზაში" დაბრუნების პირველივე მატჩში, ოქტომბერში, მან "კლერმონის" წინააღმდეგ 13 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ნაკრებში დაბრუნების შემდეგ კი ქვეყანას უნაკლო საშემოდგომო სერიაში უკაპიტნა, რომელშიც ახალი ზელანდიის ნაკრები 30-29 დაამარცხეს. ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ოთხ მატჩში ოთხი ლელოს დადების შემდეგ, მან ექვსი ერის თასზე დაბრუნებისას გაიბრწყინა.
თეო ატისოგბესთვის გაკეთებულმა პასმა, რომელიც დიუპონმა უელსის წინააღმდეგ 43-0 მოგებაში ლელოდ აქცია, მისი გადაწყვეტილების მიღებისა და სიზუსტის დემონსტრირება იყო. თუმცა, ინგლისთან წაგებულ მატჩში მან იშვიათად ცუდი თამაში აჩვენა. ის კარგად შეაკავა მეტოქის დაცვამ და შეცდომებიც დაუშვა, რამაც საფრანგეთის დამარცხება გამოიწვია. მან ტომას რამოსის პასი გააფუჭა, როდესაც ლელოს გატანის შანსი არსებობდა. თუმცა, როგორც დიდ მოთამაშეებს სჩვევიათ, ის მალევე გამოასწორა და იტალიის წინააღმდეგ საფრანგეთის ნაკრების შეტევა ოსტატურად წარმართა, რომელმაც 11 ლელო დადო. მან თავადაც მოახერხა ორი ლელოს დადება, რაც მისი პირველი ლელოები იყო ექვსი ერის თასზე დიდი სლემის შემდეგ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს