იტალიის ნაკრების ცენტრალური ხაზის მოთამაშეთა წყვილი, ხუან იგნასიო ბრექსი და ტომაზო მენონჩელო, გუნდის ერთ-ერთ მთავარ იმედად იქცა.
კვირას, 9 მარტს, ტვიკენჰემზე, "ალიანც სთედიუმზე" ინგლისი იტალიას დაუპირისპირდება. ამ მატჩში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ იტალიელთა ამ ტანდემზე იქნება გამახვილებული.
ბრექსი და მენონჩელო მოედანზე შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. არგენტინაში დაბადებულმა 32 წლის ბრექსმა დიდი გზა გამოიარა, რათა იტალიის ნაკრებში თავისი გამოცდილება და ოსტატობა გამოეყენებინა. მენონჩელო, რომელიც ათი წლით უმცროსია და ტრევიზოს რეგიონში გაიზარდა, გამოირჩევა ენერგიითა და შემტევი სტილით, რაც მეტოქეთა დაცვას ხშირად აბნევს.
მათი თანამშრომლობა უკვე ერთგვარ მემედ იქცა. ბენეტონ ტრევიზომ, მათმა საკლუბო გუნდმა, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ეს წყვილი ერთად ვარჯიშობს.
ბრექსი მოედანზე ხშირად ატყუებს მოწინააღმდეგეს პასებით, რის შემდეგაც მენონჩელო სწრაფად ჭრის დაცვას და ლელოს დებს.
მენონჩელო ბრექსზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მასთან თამაში ფანტასტიკურია, რადგან ბრექსი გენიალური პასებით გამოირჩევა, რომელთა შეჩერებაც რთულია. ბრექსი კი, თავის მხრივ, ამბობს, რომ მენონჩელო უფრო ახალგაზრდა და სწრაფია, რაც გუნდს ფიზიკურ უპირატესობას ანიჭებს. ბრექსი უფრო მეტად პლეიმეიკერის როლს ასრულებს, მენონჩელო კი - შემქმნელისა და დამამთავრებლის ფუნქციას.
მენონჩელო, რომელიც წარსულში ფეხბურთს თამაშობდა და "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდსაც კი დაუპირისპირდა, ბრექსს ტრიბუნებიდან უყურებდა. 18 წლის იყო, როდესაც ტრავმების გამო ტრევიზოს ძირითად გუნდში გამოიძახეს. მენონჩელოს თქმით, ბრექსი იყო პირველი, ვინც გუნდში მიიღო და ყოველთვის მხარს უჭერდა.
ბრექსს ახსოვს, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა მენონჩელომ გუნდზე. ყველამ აღნიშნა, რომ მას არაჩვეულებრივი შესაძლებლობები აქვს.
მას შემდეგ ისინი განუყრელნი არიან. მენონჩელოს მხრის ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიიღო, ისინი იტალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 14 მატჩიდან 13-ში ერთად თამაშობდნენ. ისინი ერთად თამაშობენ საკლუბო დონეზეც, რაც მათ კომბინაციებს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
ბრექსის თქმით, ისინი ერთად არიან ვარჯიშებზე, გასახდელში, დარბაზში. შესაძლოა, მენონჩელოსთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ოჯახთან. ეს სიახლოვე იტალიის ნაკრების სიძლიერის ნაწილია.
ბრექსი და მენონჩელო ტრევიზოს 16 მოთამაშეს შორის არიან, რომლებიც იტალიის ექვსი ერის ნაკრებში არიან გამოძახებულნი. ბრექსი აღნიშნავს, რომ მენონჩელოს როგორც მოთამაშესა და პიროვნებას ბევრად უკეთ იცნობს, ვიდრე სხვა კლუბის მოთამაშეს.
მენონჩელომ შარშან ექვსი ერის ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა და გახდა მეორე იტალიელი, რომელმაც ეს შეძლო. ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ შეუძლია ამ დონეზე თამაში და კიდევ უფრო გააუმჯობესოს საკუთარი თამაში.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს