ჯანლუიჯი დონარუმა, პარი სენ-ჟერმენის მეკარე, ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მეკარის ცხოვრება ხომ ასეთია: ერთ დღეს გმირი ხარ, მეორე დღეს კი - ანტიგმირი. ცოტა ხნის წინ, მას აკრიტიკებდნენ ლივერპულთან წაგებულ მატჩში დაშვებული შეცდომის გამო, თუმცა, გუშინდელ შეხვედრაში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.
დონარუმამ ლივერპულის ფეხბურთელების მიერ შესრულებული სამი პენალტიდან ორი მოიგერია. პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თქმით, პირველ მატჩში ალისონი იყო საუკეთესო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში - დონარუმა. აღსანიშნავია, რომ დონარუმას მონაწილეობით გამართული შვიდი პენალტების სერიიდან ექვსი მისმა გუნდმა მოიგო.
მან კარიერა 16 წლის ასაკში, "მილანში" დაიწყო და მას შემდეგ, საკლუბო და სანაკრებო დონეზე, მის წინააღმდეგ 60 პენალტი დაინიშნა. აქედან მან 14 მოიგერია, რაც 23.3%-იან მაჩვენებელს შეადგენს. საინტერესოა, რომ პენალტების სერიებში მისი შედეგები იდენტურია: 43 დარტყმიდან 10 მოგერიებული პენალტი, რაც ასევე 23.3%-ია.
2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც იტალიის ნაკრებმა გაიმარჯვა, დონარუმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ფინალში, ინგლისის წინააღმდეგ, მან ბუკაიო საკასა და ჯეიდონ სანჩოს დარტყმები მოიგერია. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 103 პენალტიდან 24 მოგერიებულია.
მატჩის შემდგომ, დონარუმამ აღნიშნა, რომ პენალტების სერიის წინ, გასახდელში შევიდა და თან წამოიღო ჩანაწერები, სადაც ლივერპულის ფეხბურთელების მიერ პენალტების შესრულების სტილი იყო აღწერილი. მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს გუნდს და არ აქცევს ყურადღებას კრიტიკას.
ფიზიკური მონაცემების გარდა (მისი სიმაღლე 196 სანტიმეტრია), დონარუმას პენალტების მოგერიების განსხვავებული ტაქტიკა აქვს. ბევრი მეკარე ცდილობს, პენალტის დამრტყმელის ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თამაშის გაჭიანურებით ან სხვა ხერხებით. დონარუმა კი, პირიქით, მშვიდად დგას და მხოლოდ მაშინ იწყებს მოძრაობას, როდესაც მოთამაშე ბურთს ნიშნულზე დებს. დარტყმის წინ, ის ხელებს შლის, რათა კარი მაქსიმალურად პატარა გამოჩნდეს. ექსპერტების აზრით, ეს ტაქტიკა მოწინააღმდეგეში ეჭვს იწვევს და ართულებს დარტყმას.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს