კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

ჯაზის ცხელება თბილისის 26-ე ფესტივალზე

კულტურა მუსიკა
ჯაზის ცხელება თბილისის 26-ე ფესტივალზე

თბილისის ჯაზ ფესტივალმა საიუბილეო, 25 წლის იუბილე წარმატებით იზეიმა და წინ ახალი გამოცდილებებისა და თარიღებისკენ იღებს გეზს. 2023 წელს ფესტივალი ტრადიციულ სეზონს დაუბრუნდა და კვლავ გაზაფხულის წვიმიან დღეებში გაიმართა. კონცერტები უკვე მეორე წელია, რაც „შერატონ მეტეხი პალასის“ სივრცეებში იმართება, რასაც თავისი უპირატესობებიც ახლავს თან: ორი დარბაზი განსხვავებული კონცერტებისთვის, კინოდარბაზი, სადაც წელსაც კახა თოლორდავას ფილმის, „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“-ს მეორე ნაწილის ჩვენება მიმდინარეობდა, ჰოლის სივრცე კი ახალგაზრდა მხატვრის, ირაკლი ჩიქოვანის აფროამერიკული მუსიკის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს დაეთმო. აქვე მყუდროდ მოწყობილი ორი სივრცე, რეტრო ფირფიტების გასაყიდად - მოკლედ, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ჯაზ ფესტივალის ტერიტორიაზე შევაბიჯეთ. წლევანდელი პროგრამა კი ლეგენდარული ქართველი ჯაზ ბასისტის, თამაზ ყურაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

რაც შეეხება ფესტივალის მუსიკალურ ნაწილს - ეს უკვე ის სფეროა, სადაც ორგანიზატორებს არასდროს ეშლებათ. მუსიკალური სერია, 9 მაისს, მცირე დარბაზში ლუკა თოფურიას ბენდით დაიწყო. უკვე მესამე წელია, ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლის შემოქმედება ცოცხალი ლეგენდების გვერდით სრულდება, თუმცა ლუკა ამ გამოწვევას მარტივად იღებს და სილაღით ასრულებს. საქართველოში მაინც არ არის ადვილი ჯაზ სცენაზე მოღვაწე მუსიკოსისთვის, რომ ყოველწლიურად ახალი პროგრამით წარდგნენ მსმენელის წინაშე - მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა თითქოს წლის განმავლობაში არც კი დგას. მისმა ბენდმა ჯაზ სტანდარტებისა და ორიგინალი კომპოზიციების კრებულის შესრულება მძლავრი მუხტით დაიწყო. ჯგუფის ყოველი წევრი შესაშური ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით ცვლიდნენ დარბაზის ვიბრაციას და აქ, მიუხედავად მათი ასაკისა, უკვე გამოცდილი მუსიკოსებივით ოპერირებდნენ, სადაც არ არის შეცდომის დაშვების შიში, თუ უსაფრთხოდ დაკვრის ბანალური სურვილი - ეს ხომ ჯაზია, მუსიკა, რომელიც გადაცდომებს მარტივად გპატიობს, თუ გულით უკრავ. სასიამოვნო იყო იმის ყურება, რომ 200-მდე ადამიანმა პატარა დარბაზი სრულიად გაავსო და 1 საათის განმავლობაში ასე გამოხატავდა პატივისცემას ქართველი მუსიკოსების მონდომების მიმართ.

ფოტო: რეზი ყენია

21:00 საათისთვის ყველამ დიდი დარბაზს მიაშურა, სადაც ამ დღის მთავარი ჰედლაინერები გველოდნენ. ჯაზ სამყაროს უამრავი სუპერჯგუფი უნახავს, მეტიც, 60-70-იანი წლები თითქმის სავსე იყო მსგავსი თანამოქმედებითი პროექტებით. თუმცა ამის გაკეთება XXI საუკუნეშიც შესაძლებელია და მისი სახელი Jazz/Takes Supergroup-ია. ამ მუსიკოსთა გამაერთიანებელი ძალა დანიელი პიანისტი ნილს ლან დოკია, რომელიც ევროპაში თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტალისტადაა აღიარებული. აქვე მოდის ბილ ევანსი, რომელსაც ლეგენდარული თანამესახელისგან რჩეული ინსტრუმენტიც განასხვავებს. საქსაფონისტის დებიუტი 21 წლის ასაკში, მაილს დევისთან ერთად შედგა და მას შემდეგ წარმატებული სოლო კარიერის ფარგლებში 26 ალბომზე მეტი გამოუშვა. ჯგუფს განსაკუთრებით ავსებს ლეგენდარული ჯაკო პასტორიუსის ვაჟი, ფელიქსი, რომელიც მამისგან განსხვავებული სტილის, თუმცა თავისებურად უნიკალური ბასისტია, ბობი მაკფერინიდან დაწყებული, დევიდ გილმორით დასრულებული, ყველასთან რომ უმუშავია. რაც შეეხება ჯგუფის უხუცეს წევრს - ეს არც მეტი, არც ნაკლები მსოფლიოში ყველაზე ხშირად ჩაწერადი სესიური დრამერი - ჰარვი მეისონია, რომელსაც წარმატებული სოლო კარიერის გარდა უმუშავია, ბიორკთან, ჯეიმს ბრაუნთან და რაც მთავარია, ჰერბი ჰენკოკთან, საკულტო ალბომზე „Headhunters“. აღნიშნულ ფორმატში, პროექტი ცნობილი კომპოზიციების საკუთარი ინტერპრეტაციებით გაჟღერებაზე აკეთებს აქცენტს. მათ არსენალში არამხოლოდ ჯაზ მუსიკის, არამედ ჰიპ-ჰოპის, პოსტ პანკის, გრანჟისა და პოპ მუსიკის ჰიტების მთელი წარსული ერთიანდება. საღამო ბენდის ერთ-ერთი წევრის, ბილ ევანსის კომპოზიციით, „Dixie Hop“-ით გაიხსნა. 10 წუთიანი ინტენსიურმა ჯაზ ტალღამ შემდგომი გაგრძელებისთვის სიტუაცია მოთელა, თუმცა ნირვანას „Smells Like Teen Spirit“-ის ჯაზ ინტერპრეტაციისთვის ხალხი მზად მაინც არ აღმოჩნდა - ბილ ევანსის სოპრანო საქსაფონის სოლო დარბაზში გამჭოლად ისმოდა - ეს ჯაზ მუსიკაა, სრულიად ახალი თაობისთვის. ევანსმა, რომელიც საქართველოს ფესტივალის პირველ წლებში, 2001-ში ეწვია, აუდიტორიას საკუთარი თავი გაახსენა და შემდეგი კომპოზიციების შესრულებას შეუდგა: Soundgarden-ის „Black Hole Sun“, Seal-ის „Kiss From a Rose“, პატი სმიტის „Dancing Barefoot“ და ევანსის რამდენიმე სოლო კომპოზიცია. ბისზე გამოსულებმა კი არც მეტი და არც ნაკლები მაილს დევისის კლასიკა „Jean Pierre“ მოგვიძღვნეს და ასე დროებით დაგვემშვიდობნენ მსმენელს.

მეორე დღის პროგრამა ჩეხეთის საელჩოს ხელშეწყობით მარტინ კრატოხვილმა და მისმა Jazz Q ბენდმა გახსნა. კრატოხვილი 60-იანი წლების ჩეხური ჯაზის ვარსკვლავია, რომლის კარიერაც 1962 წელს იწყება. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, Jazz Q ბენდმა საკუთარი ადგილი ელექტრონულ ჯაზ-როკის სცენაზე იპოვა და მას შემდეგ უამრავი ალბომის ფარგლებში სწორედ ამ ჟღერადობის მიმართულებით მიიკვლევდნენ გზას. ბენდის ლიდერი, 90-იანი წლების შემდეგ მუსიკალურ კარიერასთან ერთად, წარმატებული ბიზნესმენიც გახდა და ამჯერად რამდენიმე აეროპორტს ფლობს საკუთარ ქვეყანაში. თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საყვარელი საქმიანობისთვის დრო კვლავ გამოენახა, მეტიც, თითქმის 80 წელს მიღწეული თბილისს ეწვია და ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად საკმაოდ საინტერესო 1 საათიანი პროგრამა შემოგვთავაზა, სადაც ინსტრუმენტალურ ნაწილთან ერთად, რამდენიმე სიმღერაც შესრულდა. შიგადაშიგ კი მუსიკოსი საკუთარ 60 წლიან კარიერას და წარმატებით ჩატარებულ ფესტივალებს იხსენებდა. ერთობ გასახარი აღმოჩნდა, რომ ბენდის ბოლო ალბომი ამა წლის თებერვალში გამოვიდა, რაც კიდევ ერთხელ იმის შემახსენებელი იყო, თუ რამხელა შესაძლებლობებს მისცემდა ჩვენს ქვეყანას და მუსიკალურ სცენას ევროპულ სივრცეში თანაარსებობა, საბჭოთა ლიმიტები რომ არა.

ფოტო: რეზი ყენია

საღამოს მეორე ნაწილში ყველა სტეფანო ბოლანის გამოჩენას ველოდით. ბოლო 30 წლის ერთ-ერთმა საუკეთესო პიანისტმა, სამწუხაროდ, თბილისში ჩამოსვლა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო. თუმცა იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, ვფიქრობ, მსმენელისთვის უკეთესი ვარიანტიც გამოჩნდა. ანტონიო ფარაოს შესანიშნავი სამეული ზუსტად ის იყო, რაც ჩვენ გვჭირდებოდა - ღრმა, თბილი, ემოციური ჯაზ მუსიკა. უამრავი ტრიო მომისმენია, ჩანაწერისა თუ ცოცხალი შესრულების ფარგლებში, მაგრამ ფარაოს მუსიკოსების მიერ შესრულებულმა კომპოზიციებმა განსაკუთრებული ეფექტი დატოვეს. არ ვიცი, ეს იმჟამად ჩემი ემოციური მდგომარეობის თუ მუსიკოსების მაგიური შესრულების გამო მოხდა, თუმცა მუსიკის უნივერსალურობისა კი კიდევ ერთხელ დავიჯერე. სვინგი, ჰარმონიული შეთამაშება ერთმანეთთან, დახვეწილი მელოდიური იმპროვიზაციები - აქ არამარტო ტექნიკურ სრულყოფასა და ვირტუოზულობას, არამედ ყოველი ბგერის ზედმიწევნით შეგრძნებას ვაწყდებოდით - იმ გულრწფელობას, რასაც მსმენელი ყოველთვის გრძნობს და აფასებს ხოლმე.

ფოტო: SoundCity

ფესტივალის დასკვნით დღეს კი თბილისში ბევრი ელოდა. სანამ მთავარ ჰედლაინერზე გადავიდოდეთ, 20:00 საათისთვის Jazz Lab-ს სცენაზე იტალიური ბენდი, Motel Kaiju დაგვხვდა. მილანური პროექტი რამდენიმე წელია თავის უცნაურ და გამოკვეთილად რეტრო მუსიკას ქმნის. ბასისტი ნიკოლო ფარაჩი Wu Tang Clan-ის მაისურით დაგვხვდა სცენაზე, თავად Kaiju იაპონურად მხეცს/მონსტრს ნიშნავს და 50-იანი წლებიდან შესაბამისი ჟანრის ფილმების აღსაღნიშნად გამოიყენება - მუსიკალურად კი ბენდი უფრო 80-იანი წლების სინთეზატორზე დაფუძნებულ მუსიკას მიჰყვება, სადაც ბასი და დაბალი სიხშირეები თავის განსაკუთრებულ როლს თამაშობს. Korg-ის, Yamaha-ს, Nord-ისა თუ Moog-ის სინთეზატორების თანაწყობამ ელექტრო ბუგის სამყაროში გადაგვაგდო და ზემოთ აღწერილი უცნაურობების კრებული, კიდევ უფრო მისტიური გახდა. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მოვიხიბლე ბენდის კომპოზიციებით ან მათი ხმოვანებით, თუმცა მაინც საინტერესო ექსპერიმენტი გამოდგა.

ფოტო: Soundcity

ამ მცირე კონცერტის პარალელურად, დიდ დარბაზში მსმენელი უკვე ადგილებს იკავებდა და ეს გასაგებიც იყო. ყველანი ლეგენდარული სტენლი კლარკის დასახვედრად ვემზადებოდით. ჯაზ-ფიუჟენის პიონერმა, რომელმაც საკუთარ კარიერაში ბევრი მუსიკალური მანტია მოირგო, თბილისში ახალი პროექტით „N’4ever“ გვესტუმრა, რომლითაც სულ რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულ Ronnie Scott’s Jazz Club-ში სრული ანშლაგი მოახდინა. აღნიშნული პროექტი კლარკის „Return To Forever“-ის წევრობის პერიოდს, განსაკუთრებით კი მათი ალბომის, „Romantic Warrior“-ის კონცეფციას ეძღვნება. 22 წლის ჯერემი კოლიერი დრამზე, ასევე ახალგაზრდა საქსაფონისტი ემილიო მოდესტე საქსაფონზე, კოლინ ქუქი გიტარაზე და რა თქმა უნდა ქართველი ვირტუოზი, ბექა გოჩიაშვილი კლავიშზე, რომელთანაც კლარკს უკვე ათწლეულის მუსიკალური ურთიერთობა აკავშირებს. ვეტერანმა მუსიკოსმა საღამო კონტრაბასზე დაკვრით დაიწყო და მალევე ბას გიტარაზე გადაერთო. ეს იყო გრძელი, 15 წუთიანი კომპოზიციების კრებული, სადაც ბენდის თითოეულ წევრს მიეცა საკუთარი შემოქმედებისა და პროფესიონალიზმის გამოხატვის საშუალება, თუმცა არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ გამორჩეულები კლარკი, ბექა და დრამზე მყოფი კოლიერის ურთირთქმედება იყო - ამ უკანასკნელმა ენერგიული შეტევითი ტაქტიკა აირჩია და ყველას გვაჩვენა, რომ თანამედროვე ჯაზ დრამერს ლიმიტები არ გააჩნია. შესრულდა ჩიკ კორეას კომპოზიციები „No Mystery“, „You’re Everything“, ასევე კლარკის 70-იანი წლების რამდენიმე ცნობილი ჰიტი - „School Days“ და „Hot Fun“. გადაჭედილი დარბაზი, ალბათ 1000 მსმენელამდე, სრული 2 საათის განმავლობაში „გაშეშებული“ უსმენდა მოგზაურობას ჯაზ ფიუჟენის სამყაროში და თითქმის არავის გახსენებია წუთით მაინც დაეტოვებინა სივრცე - ეს მუსიკის მაგიური ზემოქმედების დამსახურებაა. ბისზე გამოსულებმა ფანკისკენაც გაიწიეს და ფეხზე მდგარმა აუდიტორიამ ტაშით გააცილა ხუთეული. საღამოს ამ ენერგიულმა დასასრულმა კი პირდაპირი საფუძველი შექმნა შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის, რომელსაც რამდენიმე თვეში ბათუმში შევხვდებით.

კომენტარები