უელსელი ჯეიდ ჯონსი, ტაეკვონდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის სახეობას იცვლის და კრივში აპირებს ძალების მოსინჯვას. 31 წლის სპორტსმენი აცხადებს, რომ დიდი ოცნებები აქვს და ორი სპორტის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონობა სურს.
ჯონსი უკვე ორი თვეა კრივით არის დაკავებული და ყოფილ პროფესიონალ მოკრივე სტივენ სმიტთან ვარჯიშობს. ის თვლის, რომ ეს უპრეცედენტო ნაბიჯია და პროფესიონალურ კარიერას გეგმავს.
ჯონსის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისთვისაც კი მოულოდნელი იყო. მან აღიარა, რომ ოჯახის წევრები მის გადაწყვეტილებას სიგიჟედ თვლიან, თუმცა, მისი ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ მას ბრძოლის სურვილი ამოძრავებს.
ჯონსი აღიარებს, რომ კრივში გადასვლა მისთვის კულტურული შოკი იყო, რადგან ამ სპორტის "ტკბილი მეცნიერების" შესწავლა უწევს. მისი თქმით, კრივი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე რთული სპორტია, მაგრამ ის მზადაა გამოწვევისთვის. ტექნიკის დაუფლება ყველაზე რთულია, რადგან უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
ორი ოლიმპიური ოქროს მედლის გარდა, ჯეიდ ჯონსს ტაეკვონდოში მსოფლიო ჩემპიონატი, სამი ევროპის ჩემპიონატი და 10 გრან-პრის ტიტული აქვს მოგებული.
უელსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოლიმპიელი აღიარებს, რომ ტაეკვონდოს დატოვება მისთვის გარკვეულწილად სამწუხაროა, რადგან ოთხ ოლიმპიადაზე იასპარეზა და ორი ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ჯონსი გახდა დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ოქროს მედლის მფლობელი, როდესაც 2012 წლის ლონდონის თამაშებზე, 19 წლის ასაკში სენსაციურად მოიპოვა ოქრო. ოთხი წლის შემდეგ კი რიო დე ჟანეიროში ტიტული შეინარჩუნა.
2020 წლის ტოკიოს თამაშები მისთვის იმედგაცრუება აღმოჩნდა, რასაც მოგვიანებით თავის კარიერაში "ყველაზე დიდ ვარდნად" შეაფასა. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ჯონსის მცდელობა, ოლიმპიური ისტორია შეექმნა, ტაეკვონდოს -57 კგ წონით კატეგორიაში პირველივე რაუნდში მარცხით დასრულდა.
ჯონსის თქმით, კრივი მისთვის კარგია. თავიდან ეს უბრალოდ ყურადღების გადატანის საშუალება იყო, მაგრამ ახლა ის მთელი ძალით შეეცდება წარმატების მიღწევას, რადგან ეს სპორტი ძალიან მოსწონს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს