ცნობილმა მწერალმა, ჯეკლინ ვილსონმა, მკითხველს სასიხარულო ამბავი აუწყა: მისი 1999 წელს გამოცემული, საყოველთაოდ აღიარებული საბავშვო წიგნის, "ილუსტრირებული დედის" გაგრძელება გამოიცემა, რომელიც ზრდასრული აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. ახალი რომანი, სახელწოდებით "არასრულყოფილი სურათი", თაყვანისმცემლებს დააბრუნებს დელფინისა და სტარის სამყაროში, რომელთაც ბავშვობა დედის, მერიგოლდის, ბიპოლარულ აშლილობასთან გამკლავებაში გაატარეს.
სიუჟეტის მიხედვით, 33 წლის დელფინი ცდილობს წარსულის დავიწყებას. ის ცხოვრობს პატარა ოთახში, მუშაობს ტატუ-სალონში და ხშირად უწევს დედის პოლიციის განყოფილებიდან გამოყვანა. დელფინი იმედოვნებს, რომ სიყვარული იხსნის მას ამ რუტინისგან, თუმცა ორ ცეცხლს შუაა: ერთი მხრივ, სტაბილური ლი და მისი ქალიშვილი ავა, მეორე მხრივ კი, მსახიობ ჯოელთან ხანმოკლე რომანი. ამასობაში, სტარი შოტლანდიაში ექიმად მუშაობს და ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
მწერალმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის მკითხველთა გამოხმაურებას ახალ წიგნზე. ჯეკლინ ვილსონი ცნობილია იმით, რომ რთულ და მძიმე თემებზე მარტივად და გასაგებად წერს. მისი ნაწარმოებების უმეტესობა, რომელიც თვითმკვლელობის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ოჯახური ძალადობის საკითხებს ეხება, 7-დან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. "არასრულყოფილი სურათი" კი მწერლის პირველი რომანია ზრდასრულებისთვის, 1970-იანი წლების შემდეგ.
ორიგინალი წიგნი, რომლის სათაურიც მერიგოლდის მრავალრიცხოვანი ტატუებიდან მომდინარეობს, 2000 წელს "Guardian Children's Fiction Prize"-ის მფლობელი გახდა. 2003 წელს კი მისი ეკრანიზაციაც განხორციელდა, სადაც მთავარ როლს მიშელ კოლინზი ასრულებდა.
სოციალურ ქსელში "არასრულყოფილი სურათის" ანონსთან ერთად, ვილსონმა ბრაიტონში, საკუთარი სახლის მახლობლად, ტატუებით დაფარული საკუთარი ქანდაკება წარადგინა, რომელიც მოგვიანებით ქალაქის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში გადაიტანეს. მწერალი, რომელიც მომავალ თვეში თავისი საბავშვო წიგნის, "ზღვისპირა ღამისთევის" გამოსვლის აღსანიშნავად სანაპირო ქალაქებში მოგზაურობას გეგმავს, აპირებს დროდადრო მივიდეს ქანდაკებასთან და მოეფეროს მას.
გამომცემლობა "Penguin Random House"-ის მონაცემებით, "ილუსტრირებული დედა" ვილსონის მეორე ყველაზე გაყიდვადი საბავშვო რომანია დიდ ბრიტანეთში, მხოლოდ კლასიკურ "ტრეისი ბიკერს" ჩამორჩება.
79 წლის ჯეკლინ ვილსონს 1969 წელს გამოცემული სადებიუტო რომანის შემდეგ 100-ზე მეტი წიგნი აქვს დაწერილი. მწერალს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის დიდი ჯვარი მიენიჭა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს