ყოფილი UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი, კეინ ველასკესი, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას მოიხდის. 42 წლის სპორტსმენმა, გასული წლის აგვისტოში, კალიფორნიის სასამართლოში აღიარა დანაშაული მკვლელობის მცდელობაში, თავდასხმაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებაში. 2022 წელს, მან ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. სროლის შედეგად დაიჭრა ერთი მამაკაცი, რომელსაც ტყვია მკლავსა და ტანში მოხვდა. სამიზნე 46 წლის ჰარი გულარტე იყო, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მან თავი დამნაშავედ არ ცნო. ველასკესის ადვოკატმა, რენე ჰესლინგმა, განაცხადა, რომ განაჩენი "ორმაგი გრძნობაა", რადგან მას იმედი ჰქონდა, რომ ველასკესი ციხეს აიცილებდა. ნოემბრიდან ველასკესი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 1283 დღე. ადვოკატის თქმით, კეინმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოიჩინა სიმამაცე და ხასიათის სიმტკიცე, აიღო პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე და აგო პასუხი. გამოტანილი განაჩენი ასახავს სიტუაციის სირთულეს და აღიარებს ადამიანს სათაურების მიღმა. ველასკესმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა თავისი დანაშაული და განაცხადა, რომ მან იცის, რომ მისმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ დაზარალებულებს, არამედ უდანაშაულო ადამიანებსაც. სროლის დროს, 11 მილის მანძილზე დევნისას, ველასკესმა დაჭრა პოლ ბენდერი. კეინ ველასკესმა UFC-ში 15 ბრძოლა ჩაატარა და ორჯერ მოიპოვა მძიმე წონის ტიტული, დაამარცხა ბროკ ლესნარი და ჟუნიორ დოს სანტოსი. კალიფორნიელმა სპორტსმენმა კარიერა 2019 წელს ფრენსის ნგანუსთან ნოკაუტით წაგების შემდეგ დაასრულა. მის ანგარიშზე 14 მოგება და 3 წაგებაა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს