"ჩელსის" მცველი, ლევი კოლუელი აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელი ენცო მარეკა ფეხბურთის ხედვით "სინათლის წლებით უსწრებს ყველას". 22 წლის ინგლისელმა მცველმა მიმდინარე სეზონში "არისტოკრატების" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.
კოლუელის თქმით, მარეკა მას ფეხბურთის სხვა კუთხით დანახვაში ეხმარება. მან აღნიშნა, რომ ბევრი შესანიშნავი მწვრთნელის ხელმძღვანელობით უთამაშია, მაგრამ მარეკას მიდგომა განსაკუთრებულია. კოლუელი თვლის, რომ მისთვის დიდი პატივია მასთან მუშაობა და ცდილობს, მისგან მაქსიმუმი ისწავლოს.
კოლუელს "ჩელსის" აკადემიაში ცხრა წლამდე ასაკიდან უთამაშია. მისი თქმით, "ჩელსის" აკადემიის აღზრდილები სხვებისგან განსხვავდებიან. აკადემიაში მათ განსაკუთრებულად ეპყრობიან და "მხეცებად" ზრდიან. კოლუელი იმედოვნებს, რომ ახალი თაობის ფეხბურთელებიც ასეთივე წარმატებულები იქნებიან.
მცველმა ასევე გაიხსენა ის განსაკუთრებული ემოცია, რაც მისთვის "საუთჰემპტონის" კარში გატანილ გოლს ჰქონდა. ბავშვობაში სწორედ "ჩელსის" მაისურით "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გოლის გატანაზე ოცნებობდა. სანამ "ჩელსიში" გადავიდოდა, "საუთჰემპტონის" აკადემიაში ვარჯიშობდა, თუმცა "ჩელსის" მხრიდან გამოჩენილმა სიყვარულმა მისი არჩევანი განსაზღვრა.
კოლუელმა პირველი გუნდური გამოცდილება 2021-22 წლებში "ჰადერსფილდში" იჯარით თამაშის დროს მიიღო. გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ფინალში "ნოტინგემ ფორესტთან" დამარცხდა. კოლუელის თქმით, "ჰადერსფილდმა" ის ადამიანად ჩამოაყალიბა.
მომდევნო სეზონი მან "ბრაიტონში" გაატარა, რომელმაც პრემიერ ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეექვსე ადგილი დაიკავა. კოლუელის თქმით, რობერტო დე ძერბი თავიდან მასთან ვერ შეეწყო, მაგრამ ახლა მისთვის მამის ფიგურას წარმოადგენს. დე ძერბიმ ჯერ მისი ხასიათი გატეხა, შემდეგ კი ისეთ მოთამაშედ აქცია, როგორადაც ვერც კი წარმოედგინა.
კოლუელს ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა და ამ დროისთვის ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული. ის ოცნებობს, რომ კვლავ მოხვდეს ნაკრებში და ქვეყნის ღირსება დაიცვას. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ნაკრების მაისურს ირგებს, მასში თამაშის სურვილი იზრდება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს