პოპ-ვარსკვლავობა ერთი მხრივ დიდებაა, მეორე მხრივ კი - განსაკუთრებული მარტოობა. ლედი გაგას კარიერა 2009-2010 წლებში ელვის სისწრაფით განვითარდა. ინტერნეტის ეპოქაში, ის მუდმივად პაპარაცების ყურადღების ცენტრში იყო. მისი ყოველი ნაბიჯი ჭორების წყაროდ იქცეოდა.
გაგა საოცარი სისწრაფით იცვლიდა იმიჯს, რაც კრიტიკოსების გაოცებას იწვევდა. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ ის მადონას მთელ კარიერას რამდენიმე წელიწადში გადიოდა. პოპულარობასთან ერთად, მის შესახებ აბსურდული ინფორმაციები ვრცელდებოდა: თითქოს ლონდონის სასტუმროში სატანისტურ რიტუალებს ატარებდა, ჰერმაფროდიტი იყო და მოდას მსხვერპლად საკუთარი ფეხის მოკვეთას გეგმავდა. 2010 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე ხორცის კაბით გამოჩენამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრმა ვერ გაიგო, რომ გაგა ამ ფორმით ტაბლოიდებისთვის "საკვებად" წარმოადგენდა თავს.
სცენაზე თაყვანისმცემლებისთვის კერპი იყო, თუმცა, ყველა ხვდება, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა. დოკუმენტურ ფილმში "Five Foot Two" გაგა აღნიშნავს, რომ ყოველი ღამე მარტოობაში გადის, როდესაც ხალხმრავლობის შემდეგ სიჩუმეში რჩება.
ახლა, 38 წლის ასაკში, ტექნოლოგიური სფეროს ბიზნესმენ მაიკლ პოლანსკისთან დანიშნული, გაგა აღიარებს, რომ მარტოობის წლები აშინებდა. მისი თქმით, ყველაზე დიდი შიში ცხოვრების მარტოდმარტო გავლა იყო. პარტნიორის, მაიკლის გამოჩენამ კი ეს შიში გააქრო.
წყვილი 2020 წლიდან ერთადაა. ნიშნობა ვენეციის კინოფესტივალზე გამოაცხადეს, სადაც გაგამ პირველად გამოაჩინა მილიონ დოლარად ღირებული ბეჭედი. თუმცა, მეორე ხელზე მას უფრო მოკრძალებული ბეჭედი უკეთია, რომელიც ფისში ჩასმული ბალახის რამდენიმე ღეროსგან შედგება. როგორც აღმოჩნდა, ეს ბეჭედი მისთვის განსაკუთრებულია. მაიკლმა სწორედ ბალახის ღერებით სთხოვა ხელი.
მან გაიხსენა, რომ ერთხელ, ეზოში ყოფნისას, მაიკლმა ჰკითხა, როგორ უნდა ეთხოვა მისთვის ხელი. გაგამ უპასუხა, რომ ეზოდან ბალახის ღერი აეღო და თითზე შემოეხვია, რაც მას ძალიან გაახარებდა. ეს რომანტიკული ჟესტი სევდასაც შეიცავდა. გაგას მალიბუს ეზოში მისი ახლო მეგობრის, სონია დურჰამის ქორწილი გაიმართა, რომელიც 2017 წელს კიბოთი გარდაიცვალა. ნიშნობის მომენტში გაგა ამბობდა, რომ ამდენი დანაკარგის შემდეგ, მის ცხოვრებაში ბედნიერი მოვლენა ხდებოდა.
ეს ემოციები მის ახალ ალბომში "Mayhem" აისახა. სიმღერა "Blade of Grass" სიყვარულზეა, რომელიც ეკლიან ბაღში იბადება და სიბნელეში იმედის ნაპერწკალს ანთებს. გაგა ამ სიმღერას პარტნიორისადმი მადლიერების გამოხატულებად მიიჩნევს.
ალბომი "Mayhem" გაგას პოპ-მუსიკაში სრულფასოვან დაბრუნებას ნიშნავს. მანამდე ის ფილმებზე, ჯაზსა და ამერიკულ კლასიკურ სიმღერებზე იყო კონცენტრირებული. Vogue-თან ინტერვიუში მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ მისმა საქმრომ უბიძგა პოპ-მუსიკისკენ. პოლანსკიმ აღნიშნა, რომ Chromatica-ს ტურნეს დროს გაგაში ცეცხლი დაინახა და სურდა, რომ ეს ცეცხლი მუდმივად ენთო.
ალბომი გაგას ადრეული ჰიტების, როგორიცაა "Poker Face", "Just Dance" და "Born This Way" ჟღერადობას უბრუნდება. ახალ სინგლში "Abracadabra" ის "Bad Romance"-ის ცნობილ ფრაზასაც კი იხსენებს, თუმცა ამჯერად სიკვდილის თემას ეხება. ალბომის გარეკანზე მისი სახე გატეხილ სარკეშია არეკლილი.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს