"მილუოლის" მეკარეს, ლიამ რობერტსს, "კრისტალ პალასის" თავდამსხმელ ჟან-ფილიპ მატეტაზე სახიფათო თამაშისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ექვს მატჩამდე გაუგრძელდა. ინციდენტი ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდის შეხვედრაში მოხდა, როდესაც რობერტსმა მატეტას ბურთის მოგერიების მცდელობისას თავში წამოარტყა ფეხი.
მატეტას, რომელსაც მოედანზე ჟანგბადი დასჭირდა, მარცხენა ყურზე სერიოზული ჭრილობა ჰქონდა, რის გამოც 25 ნაკერის დადება გახდა საჭირო. მსაჯმა მაიკლ ოლივერმა თავდაპირველად ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა, თუმცა ვიდეო ასისტენტი მსაჯის (VAR) ჩარევის შემდეგ რობერტსი მოედნიდან გააძევეს.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) განაცხადა, რომ თავდაპირველი სასჯელი "აშკარად არასაკმარისი" იყო და სადისციპლინო კომიტეტს მისი გაზრდის მოთხოვნით მიმართა. საბოლოოდ, კომიტეტმა FA-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და რობერტსს ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა. ეს იმას ნიშნავს, რომ რობერტსი მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ 8 აპრილს შეძლებს, როდესაც "მილუოლი" ჩემპიონშიპის ეგიდით "შეფილდ იუნაიტედს" ესტუმრება.
რობერტსმა მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ "წარმოუდგენელი რაოდენობის შეურაცხმყოფელი შეტყობინებები და მუქარები" მოდიოდა. "კრისტალ პალასის" თავკაცმა სტივ პერიშმა მომხდარი "ყველაზე უპასუხისმგებლო თამაშად" შეაფასა, ხოლო "არწივების" მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა მას "საშინელი ჯარიმა" უწოდა. თავის მხრივ, "მილუოლის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ნილმა თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ რობერტსის ქმედება განზრახული არ ყოფილა.
რობერტსმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მომხდარით "გულგატეხილია". მან ასევე აღნიშნა, რომ არასდროს გასულა მოედანზე ვინმესთვის ზიანის მიყენების განზრახვით. მატეტას სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის დაბრუნებას ელოდებიან. გლასნერის თქმით, ფრანგი თავდამსხმელი მომავალ კვირას ესპანეთში გაემგზავრება სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს