"კრისტალ პალასის" თავდამსხმელმა, ჟან-ფილიპ მატეტამ, მხარი დაუჭირა "მილუოლის" მეკარე ლიამ რობერტსს, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა ინგლისის ასოციაციის თასზე გამართულ მატჩში ფეხით სახეში წამოარტყა. მატეტას, ინციდენტის შედეგად, მარცხენა ყურზე 25 ნაკერის დადება დასჭირდა. რობერტსი მოედნიდან გააძევეს, ხოლო ფრანგი ფეხბურთელი საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რობერტსმა მომხდარის გამო მატეტას იმავე საღამოსვე დაუკავშირდა და ბოდიში მოუხადა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში აგრესიის სამიზნე გახდა. მატეტამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რობერტსი ძალიან შეწუხებული იყო მომხდარით და ბოდიშს იხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ რობერტსის დისკვალიფიკაცია სამიდან ექვს მატჩამდე გაიზარდა, მატეტას არ სჯერა, რომ რობერტსის ქმედება განზრახული იყო და სოციალურ ქსელებში ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულად მიაჩნია. მისი თქმით, ზედმეტმა ემოციებმა შესაძლოა ადამიანს არასწორი საქციელი ჩაადენინოს და ეს უბრალოდ შეცდომა იყო, რომლიდანაც ყველა სწავლობს.
ცნობილია, რომ მატეტამ "კრისტალ პალასთან" ერთად მარბელიაში საწვრთნელი შეკრება გაიარა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო "კრისტალ პალასის" "იფსვიჩთან" მოგებულ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა, იმედი გამოთქვა, რომ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 29 მარტს "ფულჰემთან" თასის მეოთხედფინალში თამაშს შეძლებს. მატეტას თქმით, ჯერჯერობით არ იცის, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას, რადგან კონსულტაციებს ექიმებთან და სპეციალისტებთან აგრძელებს, თუმცა იმედოვნებს, რომ "ფულჰემთან" თამაშს მოახერხებს. დაბრუნების შემდეგ კი სახის დამცავი ნიღბის ტარებას აპირებს, სანამ ნაკერები ბოლომდე არ მოშუშდება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს