ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ასოციაცია (NBA) საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციასთან (FIBA) ერთად ევროპაში ახალი საკალათბურთო ლიგის დაფუძნების შესაძლებლობას სწავლობს. საწყის ეტაპზე იგეგმება 16-გუნდიანი ლიგის შექმნა, სადაც 12 გუნდი მუდმივი წევრი იქნება, ხოლო 4 გუნდი ყოველწლიურად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შედეგად მოხვდება.
NBA-ს წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ლიგა ევროპის არსებულ საკალათბურთო სისტემაში ინტეგრირდება და გუნდები პარალელურად საკუთარ ეროვნულ ჩემპიონატებშიც მიიღებენ მონაწილეობას. NBA მსოფლიოში უძლიერეს საკალათბურთო ლიგად ითვლება, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის გუნდები ასპარეზობენ.
ევროპის საუკეთესო გუნდები ამჟამად ევროლიგაში ასპარეზობენ, რომელიც თავდაპირველად FIBA-მ დააარსა, თუმცა 2000 წლიდან მას "ევროლიგის კალათბურთი" მართავს. NBA-ს კომისარმა განაცხადა, რომ ახლა შესაფერისი დროა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და კლუბების მფლობელების მხრიდან ამ იდეას დიდი მხარდაჭერა აქვს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არაფერია შეთანხმებული და არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ახალ ლიგაში. ევროლიგის ყველაზე წარმატებულ გუნდებს შორის არიან მადრიდის "რეალი", მოსკოვის ცსკა და მოქმედი ჩემპიონი ათენის "პანათინაიკოსი". აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთს არცერთი გუნდი არ ჰყავს წარმოდგენილი ევროლიგაში.
კომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთ არსებულ კლუბს უდიდესი გლობალური ბრენდის სტატუსი აქვს, რომელიც შესაძლოა ფეხბურთის დამსახურებით არის მოპოვებული, თუმცა ამ კლუბების მიმართ ინტერესი საკალათბურთო ასპარეზზეც დიდია. მან ასევე დასძინა, რომ თამაშების ხანგრძლივობა ევროპული სტანდარტის შესაბამისად 40 წუთი იქნება და არა 48, როგორც NBA-ში.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს