სტივ დაიმონდის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ნიუკასლ ფალკონსი" ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის ახალი მოთამაშეების დამატება შეჩერებულია, სანამ დაფინანსების საკითხი არ მოგვარდება.
კლუბის მფლობელი, სემორ კურდი, აქტიურად ეძებს ინვესტიციებს, რათა "ფალკონსმა" 2025-2026 წლების სეზონი ფინანსური სირთულეების გარეშე გაიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს სესხის აღება მოუწევს.
დაიმონდის თქმით, ახალი მოთამაშეების დამატება გადაიდება, სანამ ინვესტიციების მოზიდვის, სესხის აღების ან სხვა შესაძლო ვარიანტების შესახებ სიცხადე არ იქნება.
"ნიუკასლ ფალკონსი" პრემიერშიპში ამჟამად ბოლო ადგილზეა, 11 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და ზედიზედ მესამე სეზონია, ბოლო ადგილზე გასვლის საფრთხის წინაშე დგას.
მიუხედავად ამისა, დაიმონდი დარწმუნებულია, რომ კლუბი ფინანსურ კრიზისს გადალახავს და მოთამაშეებისა და პერსონალის შენარჩუნებას შეძლებს. მისი თქმით, კლუბმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები და ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
დაიმონდმა ასევე აღნიშნა, რომ 28 მოთამაშეს უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის და გუნდი აკადემიის ახალგაზრდა მოთამაშეებით შეივსება. თუმცა, დამატებით ექვსი მოთამაშის დამატებაა საჭირო, რათა გუნდი სრულად დაკომპლექტდეს.
მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, დაიმონდი ხაზს უსვამს, რომ გუნდში პანიკა არ არის და ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია არსებული მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფინანსური პრობლემები მოაგვაროს და მომავალ სეზონში პრემიერშიპში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონშიპის ლიდერმა, "ილინგ ტრეილფაინდერსმა", პრემიერშიპში ასპარეზობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, 2025-2026 წლების სეზონში არც დაქვეითება და არც დაწინაურება არ იგეგმება. სწორედ ამიტომ, პრემიერშიპის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ "ნიუკასლ ფალკონსმა" ფუნქციონირება განაგრძოს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს