"ნიუკასლ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, სვენ ბოტმანი, მუხლის მორიგი ტრავმის გამო, დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ განაცხადა. 25 წლის ბოტმანი, რომელმაც 2022 წელს ფრანგული "ლილიდან" გადმოვიდა, მოედანს 2024 წლის მარტში წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ, ათი თვის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა ახლა მეორე მუხლი იტკინა. ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა, რომელმაც ამ სეზონში მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მუხლის ახალი ტრავმის გამო "ნიუკასლის" ბოლო ხუთი შეხვედრა გამოტოვა. პრობლემის მოსაგვარებლად ოპერაციაა საჭირო, რის გამოც ბოტმანი მოედანს დაახლოებით ორი თვით გამოეთიშება. ჰაუს თქმით, გუნდი ცდილობდა ფეხბურთელის სრული ფიზიკური კონდიციის აღდგენას და ის "ბრაიტონთან" მატჩთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ წინა დღეს მუხლში კვლავ იგრძნო დისკომფორტი. ამ კვირაში მას იგივე დისკომფორტი შეექმნა, ამიტომ, როგორც ჩანს, ოპერაციის გაკეთება მოუწევს. მუხლიდან სითხის ამოღებაა საჭირო, რის შემდეგაც ის კვლავ კარგად იქნება. ბოტმანი შეუერთდა მცველ ლუის ჰოლს და თავდამსხმელ ენტონი გორდონს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც 16 მარტს "ლივერპულთან" კარაბაოს თასის ფინალს გამოტოვებენ. 20 წლის ჰოლი ფეხის ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. გორდონი კი "ბრაიტონთან" ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში გააძევეს, რადგან ხელი მცველ იან პაულ ვან ჰეკეს სახეში მოხვდა. "ევერტონის" ყოფილი გარემარბი "უემბლიზე" ფინალს გამოტოვებს, მას შემდეგ რაც "ნიუკასლმა" მისი გაძევების გასაჩივრება არ ისურვა. ჰაუს თქმით, ენტონის განზრახვა არ ჰქონია და არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა, მაგრამ უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა წარმატების შანსი და თუ ასეთი შანსი არ არის, გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რასაც ენტონიც ხვდება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს