"ნიუკასლ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, სვენ ბოტმანი, მუხლის მორიგი ტრავმის გამო, დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ განაცხადა. 25 წლის ბოტმანი მოედანს 2024 წლის მარტში მიღებული მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ, იანვარში დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად მეორე მუხლი იტკინა. ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელს, რომელმაც ამ სეზონში მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლო ხუთი შეხვედრა სწორედ ამ ახალი ტრავმის გამო გაუცდა. პრობლემის მოგვარება ოპერაციული ჩარევით გახდება შესაძლებელი, რაც ბოტმანს დაახლოებით ორი თვით გამოთიშავს თამაშიდან. ჰაუს განცხადებით, გუნდი ცდილობდა ფეხბურთელის სრული ფიზიკური კონდიციის აღდგენას და ის "ბრაიტონთან" მატჩისთვის მზად იყო, თუმცა თამაშამდე ერთი დღით ადრე მუხლში კვლავ დისკომფორტი იგრძნო. ამჟამად, როგორც ჩანს, ოპერაციის გაკეთება გარდაუვალია. ბოტმანს მცირე ოპერაცია დასჭირდება მუხლის ღრუდან სითხის მოსაშორებლად, რის შემდეგაც ის კვლავ მზად იქნება სათამაშოდ. ბოტმანის გარდა, "ნიუკასლს" ლიგის თასის ფინალში "ლივერპულის" წინააღმდეგ ლუის ჰოლი და ენტონი გორდონიც გამოაკლდებიან. ჰოლი ფეხის ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ხოლო გორდონი "ბრაიტონთან" ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩში გააძევეს მოედნიდან იან პაულ ვან ჰეკეს სახეში ხელის დარტყმის გამო. "ევერტონის" ყოფილმა გარემარბმა უემბლიზე გასამართ ფინალში თამაშის უფლება დაკარგა, რადგან "ნიუკასლმა" მისი გაძევების გადაწყვეტილების გასაჩივრება არ ისურვა. ჰაუს თქმით, გორდონს არ ჰქონია ვინმესთვის ზიანის მიყენების განზრახვა, თუმცა საჩივრის წარდგენას აზრი არ აქვს, თუ წარმატების შანსი ნულის ტოლია.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს