"ჩელსის" ნახევარმცველ კოულ პალმერს გოლის გატანა ცხრა მატჩია არ შეუძლია, ხოლო ბოლო საგოლე გადაცემა 1-ელ დეკემბერს გააკეთა. "ლესტერ სიტისთან" მოგებულ შეხვედრაში პალმერმა პრემიერ ლიგაში პირველად ვერ გაიტანა პენალტი, თუმცა მისი მოედანზე გამოჩენა, ავადმყოფობის მიუხედავად, აღნიშვნის ღირსი იყო.
მატჩის წინ, პალმერის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან სიცხის გამო ვარჯიში გამოტოვა, მაგრამ გუნდის დახმარების მიზნით თამაშის სურვილი გამოთქვა. მას გოლის გატანის შანსი 22-ე წუთზე მიეცა, თუმცა მისი დარტყმული მეკარე მადს ჰერმანსენმა მოიგერია.
პალმერს პრემიერ ლიგაში 12-ვე პენალტი ჰქონდა გატანილი და ამ მაჩვენებლით იაია ტურეს რეკორდი მოხსნა. თუმცა, 2024 წლის ბოლოდან მისი ფორმა საგრძნობლად დაეცა. გასულ წელს მან პრემიერ ლიგაში 26 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მან ასევე დაამყარა "ჩელსის" რეკორდი ერთ კალენდარულ წელს გოლებში მონაწილეობით.
"საუთჰემპტონთან" მოგებულ შეხვედრაშიც რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავა, რაც მის თავდაჯერებულობაზე მიუთითებს. პალმერი პენალტების შესრულებისას სხვადასხვა სტილს იყენებს, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ მარცხენა ფეხით მარჯვენა კუთხეში დარტყმა მისთვის სასურველი ვარიანტია. სავარაუდოდ, ჰერმანსენმა ეს იცოდა და დარტყმის მოგერიება შეძლო.
ყოფილი მეკარე მარკ შვარცერი ამბობს, რომ პალმერის პენალტი თავდაჯერებული მოთამაშის დარტყმას არ ჰგავდა. მისი თქმით, პალმერმა ძალას მიანიჭა უპირატესობა და არა სიზუსტეს.
პენალტის დარტყმამდე ორ წუთზე მეტი დრო დასჭირდა, რამაც შესაძლოა იმოქმედა მასზე. "ჩელსისა" და "ლესტერის" მოთამაშეები კამათობდნენ, ხოლო მსაჯმა პალმერს ბურთის ხელახლა დადება მოსთხოვა. საბოლოოდ, პენალტის აცილებას "ჩელსისთვის" მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან მარკ კუკურელიამ შორი მანძილიდან გაიტანა და გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
ეს პალმერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რადგან ის 73-ე წუთზე შეცვალეს. "ჩელსის" მწვრთნელმა ენცო მარესკამ განაცხადა, რომ პალმერი კარგ ფორმაში არ იყო. მისი თქმით, პალმერს სიცხე ჰქონდა და თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა გუნდის დახმარების მიზნით მოედანზე გასვლა მოინდომა. მარესკას თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ სურთ მოთამაშეებს კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება.
პალმერს გოლი ცხრა მატჩია არ გაუტანია. ბოლო გოლი 14 იანვარს "ბორნმუთთან" გაიტანა. საგოლე გადაცემა კი 1-ელ დეკემბერს გააკეთა. გოლის გატანის მიზნით, პალმერი უფრო მეტს ურტყამს კარში, თუმცა საჯარიმოში დარტყმების რაოდენობა იგივე დარჩა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს