ბრიტანელი პარლამენტარების ჯგუფი რაგბის ფეხბურთის კავშირის (RFU) საქმიანობის დამოუკიდებელ შესწავლას მოითხოვს. მათი განცხადებით, ისტორიული კლუბების გაკოტრება, სამოყვარულო რაგბის ფინანსური პრობლემები და ამ ფონზე ხელმძღვანელი პირების მაღალი ანაზღაურება შემაშფოთებელია და საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს.
ერთ-ერთი პარლამენტარის თქმით, ქვეყანაში რაგბის მართვის სისტემა არასტაბილურია და სერიოზული სტრუქტურული პრობლემები იკვეთება. აუცილებელია ცვლილებები, რათა მმართველმა ორგანომ თამაშის ინტერესებიდან გამომდინარე შეძლოს ადაპტირება. სხვა პარლამენტარმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ უნდა დაიწყოს რაგბის მართვის სისტემის შესწავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სამართავი აღარაფერი დარჩეს.
ცნობილია, რომ 2022-2023 წლებში რამდენიმე სარაგბო კლუბი გაკოტრდა, ხოლო უმაღლესი ლიგის კლუბების ფინანსურმა ანგარიშებმა საერთო ჯამში 30.5 მილიონი ფუნტის ზარალი და 300 მილიონ ფუნტზე მეტი წმინდა დავალიანება აჩვენა. ერთ-ერთი პარლამენტარის აზრით, ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი კლუბი პრემიერ ლიგის ნაცვლად სხვა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას გეგმავს, ლიგის არასწორი მართვის მანიშნებელია.
რაგბის კავშირმა გასულ წელს რეკორდული ზარალი გამოაცხადა. ამავე ანგარიშების მიხედვით, აღმასრულებელ დირექტორს, ბილ სვინის, ჯამში 1.1 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს მიღებული, რაც ხელფასისა და ბონუსისგან შედგება. სვინის რეფორმების საკითხზე გადაწყვეტილება კლუბების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.
რაგბის კავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ორგანიზაციამ უკვე დაიწყო საკუთარი შიდა შესწავლა და მიზანშეწონილია, რომ შედეგები გამოქვეყნდეს, სანამ მთავრობა რაიმე სახის ჩარევას განახორციელებს. მათი თქმით, ისინი ეთანხმებიან, რომ მმართველობის რეფორმა კლუბებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიზნით, მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც უახლოეს თვეებში უნდა დასრულდეს.
პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ინგლისში მამაკაცთა პროფესიული ფეხბურთისთვის დამოუკიდებელი მარეგულირებლის შექმნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, რაგბის მიმართ მსგავსი მასშტაბის ნაბიჯები არ იგეგმება, თუმცა სიტუაცია მუდმივად გადაიხედება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს