ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) მიერ დაგეგმილი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და რომელიც ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, ევროპის ლიგების ახალი პრეზიდენტის, კლაუდიუს შეფერის შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, საერთაშორისო ტურნირებზე გათამაშებული დიდი საპრიზო ფონდები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეროვნული ჩემპიონატების კონკურენტუნარიანობაზე.
FIFA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამ ზაფხულის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება ტურნირზე გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით, რაც განსაკუთრებით ევროპულ კლუბებს წაადგებათ. ანალიტიკოსების პროგნოზით, ტურნირის ფავორიტთა შორის ევროპის 12 გუნდია, რომელთა შორისაც მხოლოდ ავსტრიული "რედ ბულ ზალცბურგი" არ ითვლება მერვედფინალში გასვლის რეალურ კანდიდატად.
FIFA გეგმავს 200 მილიონი დოლარის გამოყოფას ევროპული ფეხბურთისთვის, როგორც სოლიდარობის ნიშნად იმ კლუბებისთვის, რომლებიც ტურნირში არ მონაწილეობენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ გადანაწილდება ეს თანხა. შეფერის აზრით, სოლიდარობის ეს ასპექტი ნაკლებად მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს იმ გავლენას, რაც დიდ საპრიზო ფონდებს "პატარა და საშუალო ლიგების" კონკურენტუნარიანობაზე ექნება.
მისი თქმით, როდესაც ხედავთ, რა თანხა ერიცხებათ ტურნირის მონაწილეებს, ეს უზარმაზარი თანხაა. მაგალითად, თუ ავსტრიის ლიგის კლუბი 50 მილიონ დოლარს მიიღებს, ეს უდიდეს გავლენას მოახდენს მთლიანად ლიგაზე. კონკურენტუნარიანობა კი ლიგისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მცირე და საშუალო ლიგებს სოლიდარობის საკითხზე კარგი დისკუსიები ჰქონდათ, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, თუ კლუბი საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. შეფერს მომავლის ეშინია.
ევროპის ლიგები ცდილობენ გაუმკლავდნენ იმ პრობლემას, როდესაც მცირე რაოდენობის კლუბები დომინირებენ. მაგალითად, ინგლისში "მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ მეოთხედ მოიგო ჩემპიონატი. ესპანეთის ლა ლიგაში 2004 წლის შემდეგ "რეალს", "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" გარდა სხვა გუნდს არ გაუმარჯვია. იტალიის სერია A-ში "იუვენტუსი" 2020 წლამდე ზედიზედ ცხრაჯერ გახდა ჩემპიონი, ხოლო გერმანიის ბუნდესლიგაში "ბაიერნი", სავარაუდოდ, დაიბრუნებს ტიტულს, მას შემდეგ, რაც "ბაიერ ლევერკუზენმა" მათი 11-წლიანი სერია შეწყვიტა. საფრანგეთში "პარი სენ-ჟერმენი", სავარაუდოდ, 14 წელიწადში მე-12-ედ გახდება ჩემპიონი, ხოლო "რედ ბულ ზალცბურგმა" 2024 წლამდე ავსტრიის ჩემპიონატი ზედიზედ 10-ჯერ მოიგო.
შეფერის თქმით, ამ საკითხზე კონკრეტული დასკვნების გამოტანაა საჭირო.
გარდა ამისა, ლიგებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. FIFA-ს განცხადებით, იმ ლიგებს, რომელთა გუნდებიც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ, უფლება აქვთ ტრანსფერები 1-დან 10 ივნისამდე განახორციელონ. თუმცა, ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როდის გაიხსნება და რაც მთავარია, როდის დაიხურება სატრანსფერო ფანჯარა.
პრემიერ ლიგამ 2018 წელს სეზონის დაწყებამდე დახურა ფანჯარა, მაგრამ ორი წლის შემდეგ ეს კონცეფცია გააუქმა, რადგან ევროპის სხვა ლიგებმა ფანჯარა აგვისტოს ბოლომდე ღია დატოვეს. არსებობს მოსაზრება, რომ სატრანსფერო ფანჯრების ერთდროულად დახურვა უკეთესი იქნება, მაგრამ სხვადასხვა სასტარტო თარიღები და ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპების გავლენა ამის განხორციელებას ართულებს.
გერმანიის ბუნდესლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ლენცმა განაცხადა, რომ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსენსუსი არ არსებობს. მისი აზრით, ფანჯრის ადრე დახურვა დადებითი იქნება. ფეხბურთის კომისიამ, რომელშიც სპორტული დირექტორების წარმომადგენლები შედიან, მიანიშნა, რომ ეს კარგი ნიშანი იქნებოდა, თუმცა საჭიროა კონსენსუსის მიღწევა წამყვან ლიგებს შორის, რადგან შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს