საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სოფლებში ბარების გახსნის პროცედურებს ამარტივებს. ინიციატივის მიზანია სოფლის დასახლებებში სოციალური ცხოვრების გააქტიურება. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს ალკოჰოლის გაყიდვის ახალი ლიცენზიების გაცემის წესების შემსუბუქება. კანონპროექტს სენატის თანხმობაც სჭირდება, რათა კანონის ძალა მიიღოს.
მომხრეები ამტკიცებენ, რომ ცვლილება აუცილებელია სოციალური კავშირების გასაძლიერებლად და იზოლაციის შესამცირებლად, თუმცა კრიტიკოსები ალკოჰოლიზმის შედეგად გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებზე საუბრობენ. საფრანგეთში ბარებისა და კაფეების რაოდენობა, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს ყიდიან, მკვეთრად შემცირდა. 1960-იან წლებში მათი რიცხვი დაახლოებით 200,000 იყო, 2015 წლისთვის კი 36,000-მდე დაეცა. დახურვების უმეტესობა სოფლად მოხდა.
საფრანგეთში, ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის 18%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველი სასმელების გასაყიდად, კანონით გათვალისწინებულია მე-4 ტიპის ლიცენზია. ამჟამად, ახალი ლიცენზიების გაცემა შეჩერებულია და ბარის გახსნის მსურველებმა უნდა დაელოდონ, სანამ არსებული ობიექტი არ დაიხურება, რათა მისი ლიცენზია მიიღონ. ახალი კანონმდებლობა 3500-ზე ნაკლები მოსახლეობის მქონე სოფლებში, სადაც ბარი არ არის, ბარის მფლობელობის მსურველებს საშუალებას მისცემს, მოითხოვონ ახალი ლიცენზია ლოდინის გარეშე. საბოლოო გადაწყვეტილებას განაცხადის დამტკიცების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი მერი მიიღებს.
ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, მოძველებული საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთი ფრანგი პარლამენტარის განცხადებით, ბარები, უპირველეს ყოვლისა, არის ადგილი, სადაც ადამიანები იკრიბებიან სოფლად, სადაც ადამიანებს საკუთარ თავში ჩაკეტვის ტენდენცია აქვთ. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად ალკოჰოლის მოხმარებით დაახლოებით 49,000 ადამიანი იღუპება, რაც "ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას" წარმოადგენს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს