ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე საველოსიპედო მოედანი, სახელწოდებით Pump Track Hippo, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაიხსნა. ადგილზე, სადაც რამდენიმე წლის წინ უსწორმასწორო მინდორი იყო, ახლა 120 მეტრის სიგრძის ველოტრეკია. ტრეკის შენება ველომოყვარულმა გიორგი მაღრაძემ 2015 წელს დაიწყო. მაშინ 23 წლის იყო. პროფესიით ბიზნესის მართვის სპეციალისტმა მეგობრებს თავი მოუყარა და საქმეს საკუთარი რესურსებით შეუდგა: “ველომოყვარული ვარ, სამთო დაშვებები და ტრამპლინები მომწონდა. ოღონდ, ყველაზე ბოლო ვიყავი, რადგან მეშინოდა და ვერ ვხტებოდი ტრამპლინიდან. გადავწყვიტე მევარჯიშა, არადა, ქალაქში არ იყო სავარჯიშო ადგილები. ჯერ ჩემთან დავიწყე ვარჯიში, ცხვარიჭამიაში. თუმცა, რთული იყო რეგულარულად იქ ასვლა და ვარჯიში. ერთხელაც, იპოდრომზე შევნიშნე აუთვისებელი ტერიტორია და მომაფიქრდა აქ ველოტრეკის გაკეთება. მოველაპარაკე შესაბამის ადამიანებს და დავიწყე საქმის ორგანიზება. მივყევი, მივყევი და დღეს, ამ ყველაფერს სხვა უამრავი ადამიანი იზიარებს.”
M: სურვილი გასაგებია, მაგრამ საიდან იცოდით, ტექნიკურ დონეზე როგორ გაგეკეთებინათ?
ვიდეოებს ვუყურებდი, მაგრამ განვიცადეთ დიდი მარცხი. შემდეგ, მომიწია ფიზიკისა და ინჟინრული საკითხების სწავლა და ნელ-ნელა, მუშაობაში ვცდილობდი გამეუმჯობესებინა. შემდეგ, მეგობარ არქიტექტორთან ერთად დავგეგმე პროექტი, რომელსაც დღეს ხედავთ. შეიძლება ვთქვათ, რომ დამოუკიდებლად შევიძინეთ ცოდნა. როგორც მოედანზე არ ვისვენებდი, ისე არ ვისვენებდი ინტერნეტშიც – ვცდილობდი მესწავლა, ვწერდი მოწინავე უცხოელ სპეციალისტებს. ბევრმა პასუხი არც გამცა, რადგან პროექტს კომერციული დატვირთვა არ ჰქონდა ან არ სურდა ჩემი სახით კონკურენტი შეეძინა. ზოგადად, უცხოელები ასეთ მოედნებს ძალიან ძვირად აკეთებენ – მსგავსი მასშტაბების მოედანი ინგლისში დაჯდა 190,000 ფუნტი სტერლინგი. ინტერნეტში ძალიან ბევრი მასალა ვრცელდება, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს – თავიდან მეც ამან შემიყვანა შეცდომაში. პრაქტიკამ და ცოდნამ მოგვცა საშუალება თითქმის გავსულიყავით სტანდარტამდე.
M: როგორ მოიძიეთ ფინანსები მოედნის გასაკეთებლად?
თავიდან ამ რესურსებს ძირითადად მე ვხარჯავდი. შემდეგ, საქმეში ჩაერთვნენ მეგობრები, აგროვდა ფული. შემდეგ, დაგვჭირდა ტრაქტორი, სატკეპნი საშუალება… საერთო ჯამში, მთელი ამ წლების განმავლობაში, ამ საქმეზე დაიხარჯა 2000 ლარი და რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსი. თუმცა, გრძელ ვადაში, ადამიანური რესურსი კვლავაც იქნება საჭირო, რადგან დროთა განმავლობაში, ტრეკი განიცდის ეროზიას, შეიძლება ვინმემ დააზიანოს, ზამთრის შემდეგ დატკეპნას საჭიროებს – მოედანს რეგულარულად სჭირდება ხელის შევლება. საზღვარგარეთ, ასეთ ტრეკებზე ასფალტს აგებენ ხოლმე. ეს სამუდამოა და არ საჭიროებს მუდმივ რეაბილიტაციას.
M: საერთო ჯამში, რისი თქმა გსურდათ ამ პროექტით?
ასეთი ტრეკი საქართველოში ახალია. მოედანი გრუნტისგანაა გაკეთებული. ამასთან, მიმდებარე ტერიტორია გავალამაზეთ, მოვუარეთ გამწვანებასაც. აი, ერთი შეხედვით ხომ წრეზე დადიხარ? მაგრამ, სინამდვილეში, ეს ტრეკი ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირი გეჩვენება და არ გბეზრდება, სანამ ფიზიკურად არ დაიღლები. ეს ტალღოვანი რელიეფი ჰარმონიის განცდას გიქმნის. ეს ყველამ აღნიშნა. კი, თბილისში გვაქვს სკეიტპარკი, რომელიც გვთავაზობს ამას, მაგრამ საფრთხისშემცველია. ძალიან ბევრი ბეტონი ასხია, აქვს კუთხოვანი ზედაპირები და დაცემა დიდ ტრავმებს იწვევს. ჩვენი მოედანი მიწაზეა გაკეთებული და შესაბამისი ეკიპირებით, ტრავმირების შანსი გაცილებით მცირეა. დღეს ვინც გვყავს ჩემპიონები სამთო დაშვებაში, ძირითადად, აქ ვარჯიშობენ. მთავარი მიზანია მივაწვდინოთ ხმა შესაბამის ორგანოებს, რომ ბაღებსა და პარკებში, შადრევნებისა და სტადიონების გარდა, ასეთი ფუნქციური ტრეკებიც საჭიროა. ბევრი ვიშრომეთ და შევქმენით პრეცედენტი. გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ თბილისის მერიამ გააკეთოს მაღალი სტანდარტის ტრეკი. თუ უნდათ, მოწვეული სპეციალისტების ან ჩვენი დახმარებით. ეს სრულიად გააახლებდა თბილისის ინფრასტრუქტურას – ნებისმიერ ადამიანს მისცემდა გართობის საშუალებას.
M: რა კომერციული დატვირთვა აქვს ამ პროექტს?
უფრო ეკონომიკური დატვირთვა აქვს. თუკი ქალაქში მომრავლდება ასეთი ადგილები, მოქალაქეები შესაბამის ტრასებზე გადასაადგილებელი საშუალებების ყიდვას დაიწყებენ. გაიზრდება მოთხოვნა შესაბამისი აქსესუარების, ნაწილების მაღაზიებზე, სარემონტო ობიექტებზე. ეს ყველასთვის სარგებლიანი იქნება. ამ კონკრეტულ პარკს კომერციული დატვირთვა არ გააჩნია.
M: საზოგადოება როგორ შეხვდა ამ წამოწყებას?
გავაკეთეთ ფეისბუკ გვერდი, არც დავასპონსორეთ, რომ ვინმეს ტყუილად არ მოეწონებინა და მხოლოდ მიზნობრივი აუდიტორია მოგვეზიდა. მივაღწიეთ იმას, რომ უკვე 1400 ადამიანი ნამყოფიცაა ამ ტერიტორიაზე და იცნობს კიდეც ამ პროექტს. თავიდან ვფიქრობდი, რომ სამიზნე აუდიტორია ბავშვები და ახალგაზრდები იქნებოდნენ. მაგრამ ახლა ამ ტერიტორიაზე, რომელიც საკუთარი ხელით გავაკეთეთ, მოდიან ასაკიანი ადამიანებიც. მიმდებარე კორპუსებიდან მამებს მოყავთ ბავშვები. დღის განმავლობაში რომ გამოხვიდეთ, ყოველთვის ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ველოსიპედით სეირნობენ ან უბრალოდ, თვალს ადევნებენ.
M: და ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ შეიცვალა თქვენი პირადი შედეგი ველოსპორტში?
შემდეგ, სამჯერ მოვიგე შეჯიბრი სამთო დაშვებაში… ბევრ ადამიანს აინტერესებს, მოისმინოს ჩემგან რჩევა ამ სფეროზე. ასევე, ჩემ გარდა, ბევრი ადამიანი აღიზარდა კიდეც ამ წლების განმავლობაში.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს