სანაპირო პროვინცია ლატაკიაში, გავრცელებული ინფორმაციით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა ალავიტური უმცირესობის 52 წარმომადგენელი სიცოცხლეს გამოასალმეს. ომის მონიტორინგის ერთ-ერთი ჯგუფის ცნობით, არსებობს ვიდეომასალა, სადაც ლატაკიაში, ერთ-ერთი სახლის ბაღში, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ათობით ცხედარია თავმოყრილი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო SANA-ს განუცხადა, რომ სანაპირო ზოლში "ცალკეული დარღვევები" დაფიქსირდა და პირობა დადო, რომ მათ აღკვეთენ. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ინფორმაციის გადამოწმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
ამას წინ უძღოდა შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და დამხობილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთგულ მებრძოლებს შორის, რის შედეგადაც 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქალაქებში ჰომსი, ლატაკია და ტარტუსი, სადაც ბრძოლები გაიმართა, კომენდანტის საათი გამოცხადდა.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში, გეირ პედერსენმა, განაცხადა, რომ "ღრმად შეშფოთებულია" შეტაკებებისა და მკვლელობების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. მან მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა კიდევ უფრო გააღვივონ დაძაბულობა, გააძლიერონ კონფლიქტი, გააუარესონ დაზარალებული თემების მდგომარეობა, მოახდინონ სირიის დესტაბილიზაცია და საფრთხე შეუქმნან სანდო და ინკლუზიურ პოლიტიკურ გარდამავალ პროცესს.
ეს რეგიონი ალავიტური უმცირესობის გულია და ასადების ოჯახის დასაყრდენია, რომლებიც ამ სექტას მიეკუთვნებიან. ძალადობის შედეგად დაღუპულთა რიცხვის შეფასებები განსხვავდება და მათი დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
ადგილობრივების თქმით, ისინი სექტანტური ძალადობის სამიზნეები არიან. ერთმა ალავიტმა ქალმა განაცხადა, რომ ბევრი სირიელი "შეშინებულია", მიუხედავად იმისა, სანაპიროზე არიან თუ დედაქალაქში. მან დასძინა, რომ "ყველა შეშინებულია არსებული წაქეზებით" და შიშობს, რომ ისინი "განტევების ვაცები" გახდებიან.
თურქეთი და რუსეთი აფრთხილებენ, რომ სისხლისღვრა, რომელიც ასადის დამხობის შემდეგ ყველაზე მძიმეა, მთელი რეგიონის სტაბილურობას ემუქრება. ალავიტები, რომელთა სექტა შიიტური ისლამის განშტოებაა, სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ, რომლის უმრავლესობა სუნიტია.
სირიის დროებითი ლიდერი ქვეყნის მომავალს გეგმავს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთები თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს ებრძვიან.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს