მსოფლიოს წამყვანი სპორტული მეცნიერების ექსპერტების ახალი ალიანსი, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს ქალთა სპორტისთვის. ამ აზრს იზიარებს ბრიტანელი პარალიმპიელი, ემა ვიგსი.
ქალთა სპორტში მოღვაწე სპორტსმენთა გლობალური ალიანსი (GAFA) გააერთიანებს ავსტრალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის წამყვან წარმომადგენლებს, რათა გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა და თავიანთი კვლევები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ერთ სივრცეში.
ალიანსის მიზანია ქალი სპორტსმენების განათლება და გაძლიერება, ასევე სპორტულ მეცნიერებაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა. ვიგსის აზრით, სწორედ ამ უთანასწორობამ შეაფერხა ქალთა პროგრესი სპორტში.
ალიანსის ინიციატორია დოქტორი რიჩარდ ბარდენი, დიდი ბრიტანეთის სპორტული ინსტიტუტის ქალთა ჯანმრთელობისა და სპორტული მაჩვენებლების ხელმძღვანელი. მისი თქმით, ჯერ კიდევ არასაკმარისი ინფორმაცია არსებობს იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ქალი სპორტსმენები დგანან. მაგალითად, როგორ მოქმედებს მენსტრუალური ციკლი სპორტულ მაჩვენებლებზე? ამ საკითხზე სიღრმისეული კვლევების არარსებობის გამო, კონკურენტული უპირატესობის დაცვა ვერ ხერხდება.
ალიანსის მიზანია, დახმარება გაუწიოს მთელი მსოფლიოს ქალ სპორტსმენებს, რომლებსაც არ აქვთ ისეთი რესურსების ხელმისაწვდომობა, როგორიც დიდ ბრიტანეთშია. იგეგმება ეკონომიკური და ენობრივი ბარიერების მოხსნა, ასევე სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებზე მორგებული მიდგომების შემუშავება.
უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, სამომავლო კვლევითი პროექტები ერთობლივად განხორციელდება. ავსტრალიის სპორტის ინსტიტუტის წარმომადგენელი, დოქტორი რეიჩელ ჰარისი მიიჩნევს, რომ ალიანსი კიდევ უფრო დიდ შედეგებს მოიტანს მსოფლიო ასპარეზზე. მისი თქმით, ცოდნის ნაკლებობა და ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ხშირად აიძულებს სპორტსმენებს, გამოტოვონ ვარჯიშები და შეამცირონ შეჯიბრებებში მონაწილეობის შანსები, ან საერთოდ დატოვონ სპორტი. ალიანსის მიზანია ამის შეცვლა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს