ჰონგ-კონგში მიმდინარე მსოფლიო გრან-პრიზე სტიუარტ ბინგემი ნილ რობერტსონს დაუპირისპირდება. ბინგემმა ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ნომერი, ჯად ტრამპი დაამარცხა და ექვსი წლის შემდეგ პირველად გავიდა რეიტინგულ ტურნირის ფინალში.
ინგლისელმა ბინგემმა, რომელიც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონია, ტრამპს ანგარიშით 6-3 მოუგო. მანამდე კი, ავსტრალიელმა რობერტსონმა, რომელიც 43 წლისაა, შონ მერფი დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 6-5 დაამარცხა. რობერტსონმა გადამწყვეტ პარტიაში 114-ქულიანი სერია შეასრულა.
მსოფლიო გრან-პრის დაწყებამდე რობერტსონი მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილს იკავებდა. ფინალში გასვლით მან მნიშვნელოვნად გაზარდა შანსები, დაბრუნდეს საუკეთესო თექვსმეტეულში და ავტომატურად მოიპოვოს ადგილი აპრილში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი გასულ წელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, რითაც შეწყდა მისი ზედიზედ 19-ჯერ გამოსვლა "კრუსიბლ თეატრში".
მერფის, რომელმაც 2005 წელს საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, შესაძლოა წელსაც იგივე გზის გავლა მოუწიოს შეფილდში გასამართ ტურნირზე მოსახვედრად. მსოფლიო ჩემპიონატის განთესვისთვის ქულების დაგროვების დასრულებამდე კიდევ ორი რეიტინგული ტურნირია დარჩენილი - მოთამაშეთა ჩემპიონატი და ტურის ჩემპიონატი. 42 წლის ინგლისელი, რომელიც მსოფლიო გრან-პრის დაწყებამდე მე-12 ადგილზე იყო, ამ ორ ტურნირზე დიდი რაოდენობით ქულებს დაიცავს, რადგან ორივე 2023 წელს მოიგო.
ბინგემმა, რომელიც 2016 წლის მსოფლიო გრან-პრის ფინალისტია, ტრამპთან მატჩი არცთუ ისე სანახაობრივი თამაშით დაიწყო, თუმცა შემდეგ 100-ქულიანი სერია შეასრულა და ანგარიში 5-1 გახადა. ტრამპმა 124 და 72 ქულის აღებით შეძლო თამაშში დაბრუნება, თუმცა გადამწყვეტ მომენტში დაშვებული შეცდომის გამო გამარჯვება ბინგემს დარჩა. ბინგემის ბოლო რეიტინგული ტურნირის ფინალი 2019 წლის გიბრალტარის ღია პირველობა იყო, რომელიც მან მოიგო და მეექვსე ტიტული მოიპოვა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს