სუდანის მთავრობამ არაბთა გაერთიანებული საამიროები (ა.გ.ს.) ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იჩივლა. სუდანი ა.გ.ს.-ს ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში გასამხედროებული დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალების" (SRF) მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
ხარტუმი ამტკიცებს, რომ ა.გ.ს., SRF-ის სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, დასავლეთ დარფურის რეგიონში მასალიტის ეთნიკური ჯგუფის გენოციდში თანამონაწილეა.
თავის მხრივ, ა.გ.ს.-მ სუდანის ბრალდებები კატეგორიულად უარყო და ეს საქმე "ცინიკურ პიარ-აქციად" შეაფასა. საამიროები აცხადებენ, რომ სასამართლოსგან საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.
2023 წლის აპრილში ომის დაწყების შემდეგ, SRF-სა და სუდანის არმიას არაერთი სისასტიკეში ადანაშაულებენ. SRF-ს დარფურში არაბული წარმოშობის არმქონე ეთნიკური ჯგუფების გენოციდში სდებენ ბრალს.
სუდანის მიერ საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები აძლიერებს ამბოხებას და მხარს უჭერს გასამხედროებულ დაჯგუფებას, რომელმაც დასავლეთ დარფურში გენოციდის დანაშაული ჩაიდინა. სუდანი ითხოვს, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სრულად აანაზღაუროს მისი საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებით გამოწვეული ზიანი, მათ შორის ომის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდა.
ა.გ.ს.-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოში სუდანის შეიარაღებული ძალების მიერ წარდგენილ ბრალდებებს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი და წარმოადგენს ამ დამანგრეველი ომიდან ყურადღების გადატანის კიდევ ერთ მცდელობას.
გაეროს ექსპერტებმა, რომლებიც დარფურში იარაღის ემბარგოს აღსრულებას აკვირდებიან, ადრე განაცხადეს, რომ ა.გ.ს.-ს მიერ ჩადის გავლით SRF-სთვის იარაღის კონტრაბანდის შესახებ ბრალდებები სარწმუნოა.
საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა იურიდიულად სავალდებულო არ არის, მაგრამ მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა აქვს.
თითქმის ორწლიანმა ომმა სუდანი გაანადგურა, ათიათასობით ადამიანი დაიღუპა და 12 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილდა, რამაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
ამ კვირის დასაწყისში ჩრდილოეთ დარფურში იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკზე განხორციელებული ძლიერი დაბომბვის შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი დაიღუპა. ელ-ფაშერის გარეუბანში მდებარე ბანაკში, აბუ შუკის ხალხმრავალი ბაზარი სამშაბათს საღამოს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იბომბებოდა. გაეროს ანგარიშის თანახმად, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებიც კი საშინელი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ომდურმანის სამხედრო ბაზიდან აფრენის შემდეგ Antonov-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა, რომლებიც საკვებისთვის საზოგადოებრივ სამზარეულოებზე იყვნენ დამოკიდებულნი, ეს სასიცოცხლო წყარო დაკარგა. სუდანის არმიამ ელ-ობეიდი აიღო კონტროლქვეშ მას შემდეგ, რაც SRF-ის მეომრებმა გამოაცხადეს ახალი მთავრობის შექმნა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს