თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა BBC-ის კორესპონდენტი მარკ ლოუენი. ჟურნალისტი სტამბოლში ოთხშაბათს დააკავეს. ლოუენი თურქეთში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა და აშუქებდა საპროტესტო აქციებს, რომლებიც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა. იმამოღლის დაკავება კორუფციის ბრალდებით მოხდა, რასაც თავად უარყოფს. ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა და 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პარტიის კანდიდატად არის დასახელებული.
BBC-ის განცხადებით, ხუთშაბათს თურქეთის ხელისუფლებამ მარკ ლოუენი სტამბოლიდან გააძევა. წინა დღეს ის სასტუმროდან წაიყვანეს და 17 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ლოუენს წერილობით აცნობეს, რომ ქვეყნიდან გააძევეს "საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის" გამო.
მარკ ლოუენმა განაცხადა, რომ მისთვის უკიდურესად მტკივნეული იყო იმ ქვეყნიდან დაკავება და გაძევება, სადაც ხუთი წელი ცხოვრობდა და რომლის მიმართაც დიდი სიყვარული აქვს. მისი თქმით, პრესის თავისუფლება და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა ნებისმიერი დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია.
BBC-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დებორა ტერნესმა აღნიშნა, რომ ეს უკიდურესად შემაშფოთებელი ინციდენტია და ისინი თურქეთის ხელისუფლებას მიმართავენ. მისი თქმით, მარკი ძალიან გამოცდილი კორესპონდენტია, რომელსაც თურქეთის შესახებ ღრმა ცოდნა აქვს და არცერთ ჟურნალისტს არ უნდა მოექცნენ ასე მხოლოდ იმიტომ, რომ თავის საქმეს აკეთებს. BBC გააგრძელებს თურქეთში მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებლად და სამართლიანად გაშუქებას.
თურქეთის მასშტაბით ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე, რომლის დროსაც 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ იმამოღლუს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს დამოუკიდებლობას ამტკიცებს. პრეზიდენტმა ერდოღანმა დემონსტრაციებს "ბოროტება" უწოდა და ოპოზიციას "მშვიდობის დარღვევაში" დაადანაშაულა.
რამდენიმე ჟურნალისტი ასევე დააკავეს, მათ შორის ფრანგული საინფორმაციო სააგენტო Agence France Presse-ის ფოტოჟურნალისტი და რამდენიმე თურქი რეპორტიორი. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი მათგანი ხუთშაბათს დილით გაათავისუფლეს. ღამის საპროტესტო აქციები შეწყდა, მაგრამ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია, რესპუბლიკური სახალხო პარტია (CHP), სტამბოლში შაბათს მიტინგის გამართვას გეგმავს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს