უელსის ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, ტრავმების გამო შეთხელებული შემადგენლობით ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა გუნდში მოულოდნელად გამოიძახა 18 წლის ნახევარმცველი კაი ენდრიუსი, რომელსაც ჯერ არცერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდის კაპიტანი აარონ რემზი კვლავ დაშავდა. მას კუნთის პრობლემა შეექმნა, რის გამოც თომ ლოურენსი ნაკრებში დააბრუნეს. ენდრიუსი, რომელიც უელსის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, ამჟამად იჯარით შოტლანდიურ "მოზერველში" თამაშობს, "კოვენთრი სიტიდან". მან იანვრის შემდეგ მხოლოდ სამჯერ დაიწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა, "რეინჯერსთან" მოგებულ შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა და მოედანი შეუცვლელად დატოვა.
რემზის, რომელიც "კარდიფ სიტის" ღირსებას იცავს, სექტემბრის შემდეგ პირველად ელოდნენ ნაკრებში, თუმცა, "ლუტონ თაუნთან" წაგებულ მატჩში მოედნის დატოვება მოუწია. უელსის ნაკრებს უკვე აკლდა ორი საკვანძო ფეხბურთელი: "ლიდს იუნაიტედის" კაპიტანი ეთან ამპადუ და "ფულჰემის" გამთამაშებელი ჰარი უილსონი, ორივე ტრავმის გამო.
ასევე, გუნდს ვერ დაეხმარებიან "იფსვიჩ თაუნის" გარემარბი ვეს ბერნსი და "შეფილდ იუნაიტედის" მარცხენა მცველი რის ნორინგტონ-დეივისი. სამაგიეროდ, ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა "სუონსი სიტის" ნახევარმცველი ოლი კუპერი. ლოურენსი პირველად ითამაშებს კრეიგ ბელამის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ რაც ბოლოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის მარტში ითამაშა.
უელსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 22 მარტს, შაბათს, ყაზახეთის წინააღმდეგ საშინაო მატჩით დაიწყებს, სამი დღის შემდეგ კი ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება.
უელსი ასევე ბელგიასთან და ლიხტენშტეინთან ერთად J ჯგუფშია. ევროპის 12 ჯგუფიდან თითოეულის გამარჯვებული ავტომატურად გადის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, მეორე ადგილზე გასული გუნდები კი პლეი-ოფში ითამაშებენ.
ბელამი უელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯერ დაუმარცხებელია. 2024 წელს მან სამი მოგებითა და სამი ფრით გუნდი ერთა ლიგის უმაღლეს დივიზიონში აიყვანა. ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვებამ უელსს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში თამაშის გარანტია მისცა. ბელამიმ გუნდში ახალი სათამაშო სტილი დანერგა და მისი მიზანია, უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ გაიყვანოს.
მიუხედავად ბრწყინვალე საკლუბო კარიერისა, უელსის ნაკრების ყოფილ კაპიტანს არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, თავისი ქვეყანა დიდ ტურნირზე წარედგინა. ახლა ის ამ ოცნების ასრულებას ცდილობს, როგორც მთავარი მწვრთნელი.
მეკარეები: დენი უორდი ("ლესტერ სიტი"), კარლ დარლოუ ("ლიდს იუნაიტედი"), ადამ დეივისი ("შეფილდ იუნაიტედი").
მცველები: ბენ დეივისი ("ტოტენჰემ ჰოტსპური"), ჯო როდონი ("ლიდს იუნაიტედი"), კრის მეფემი ("სანდერლენდი", იჯარით "ბორნმუთიდან"), ბენ კაბანგო ("სუონსი სიტი"), კონორ რობერტსი ("ბარნლი"), ნეკო უილიამსი ("ნოტინგემ ფორესტი"), ჯეი დასილვა ("კოვენთრი სიტი").
ნახევარმცველები: ჯო ალენი ("სუონსი სიტი"), ჯოშ შეჰანი ("ბოლტონ უონდერერსი"), ჯორდან ჯეიმსი ("სტად რენი"), ოლი კუპერი ("სუონსი სიტი"), კაი ენდრიუსი ("მოზერველი", იჯარით "კოვენთრი სიტიდან"), სორბა თომასი ("ნანტი", იჯარით "ჰადერსფილდ თაუნიდან"), დევიდ ბრუკსი ("ბორნმუთი"), ტომ ლოურენსი ("რეინჯერსი").
თავდამსხმელები: კიფერ მური ("შეფილდ იუნაიტედი"), ბრენან ჯონსონი ("ტოტენჰემ ჰოტსპური"), დანიელ ჯეიმსი ("ლიდს იუნაიტედი"), ლიამ კალენი ("სუონსი სიტი"), ნათან ბროდჰედი ("იფსვიჩ თაუნი"), მარკ ჰარისი ("ოქსფორდ იუნაიტედი"), ლუის კუმაასი ("სტოკ სიტი", იჯარით "ლივერპულიდან"), რაბი მატონდო ("ჰანოვერი 96", იჯარით "რეინჯერსიდან").
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს