უელსური რაგბისთვის ბოლო წელიწადნახევარი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, თუმცა ინგლისის ნაკრების მიერ კარდიფში განცდილი გამანადგურებელი მარცხი, ალბათ, ყველაზე მტკივნეული მომენტია. ათი ლელო და ანგარიში 68-14 - წარმოუდგენელი შედეგია. მაშინ, როდესაც "პრინციპალიტის სტადიონზე" ინგლისელი გულშემატკივრების "Swing Low Sweet Chariots" ისმოდა, უელსური რაგბი საკუთარ კრიტიკულ მდგომარეობაზე დასაფიქრებლად დარჩა.
ეს იყო უელსის ნაკრების რეკორდული მარცხი კარდიფში, ყველაზე მეტი ქულა, რაც კი ოდესმე დაუთმიათ "პრინციპალიტიზე", ყველაზე მძიმე მარცხი ექვსი ერის გათამაშებაში, რეკორდული წაგება ტურნირზე და ყველაზე მეტი ქულა, რაც კი ინგლისის ნაკრებისთვის დაუთმიათ. და ეს მხოლოდ სათაურებია, რეალური სურათი გაცილებით მძიმეა.
ეს ოდესღაც ამაყი ერი მიჩვეული იყო ექვსი ერის ტიტულებისა და დიდი სლემის მოპოვებისთვის ბრძოლას ტურნირის ბოლო ტურში, რომელიც "სუპერ შაბათის" სახელით არის ცნობილი. ამჯერად კი, კარდიფში, ისინი გახდნენ პირველი უელსის ნაკრები, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიპოვა "ხის კოვზი", რაც ტურნირის ბოლო ადგილზე გასვლას ნიშნავს.
სირცხვილი, დამცირება და სასოწარკვეთა - უელსელმა გულშემატკივრებმა თავად უნდა შეარჩიონ შესაფერისი სიტყვა. უელსის ნაკრებს 16 თვეა კარდიფში თამაში არ მოუგია. ისინი იქცნენ არასასურველი რეკორდების მფლობელებად - ზედიზედ მე-17 მარცხი, რაც პირველი დონის ნაკრებისთვის პროფესიონალურ ეპოქაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია და შოტლანდიის ანალოგიურ სერიას (1951-1955 წლები) უტოლდება.
უნდა ჩაითვალოს თუ არა უელსი კვლავ პირველი დონის ნაკრებად, მას შემდეგ, რაც მსოფლიო რეიტინგში საქართველოზე დაბლა, მე-12 ადგილზე დაქვეითდა, ეს საკამათო თემაა. ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რობ კირნიმ ეს საკითხი უკვე წამოჭრა.
525 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მათ ბოლოს მოიგეს ტესტ-მატჩი - 2023 წლის ოქტომბერში, როდესაც ნანტში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები დაამარცხეს. 588 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს მოიგეს საშინაო მატჩი - 2023 წლის აგვისტოში, ინგლისის წინააღმდეგ. მას შემდეგ ზედიზედ ცხრა მარცხი განიცადეს. 1127 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უელსმა ბოლოს მოიგო ექვსი ერის თამაში "პრინციპალიტის სტადიონზე" - 2022 წლის თებერვალში, შოტლანდიის წინააღმდეგ. მას შემდეგ ზედიზედ ცხრა მარცხი მოჰყვა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უელსმა ზედიზედ ორ ტურნირში წააგო ყველა თამაში და მოიპოვა "ხის კოვზი", მათ ანგარიშზე ექვსი ერის ზედიზედ 11 მარცხია.
საფრანგეთთან 43-0 წაგებისა და იტალიასთან 22-15 მარცხის შემდეგ, უორენ გეტლენდმა 14 მატჩიანი წაგებების სერიის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. კარდიფის მწვრთნელი, მეტ შერატი დროებით დაინიშნა სამ მატჩში და გარკვეული ოპტიმიზმი შემოიტანა ირლანდიასთან 27-18 წაგებულ მატჩში. თუმცა, ეს ოპტიმიზმი გადაჭარბებული იყო, უელსური რაგბის ბოლო წელიწადნახევრის კრიზისის ფონზე. ინგლისისა და ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებებთან მოპოვებულმა რამდენიმე მოგებამ ასევე დააბრმავა ბევრი, რადგან უელსელი გულშემატკივრები წარმატებას მოწყურებულები არიან.
უელსი შოტლანდიასთან მატჩში დაჩაგრული იყო, თუმცა მატჩის ბოლოს გარკვეული გააქტიურება შეინიშნებოდა, საბოლოოდ სტუმრებმა 35-29 წააგეს. ირლანდიის მიერ იტალიის 22-17 დამარცხების შემდეგ, უელსმა იცოდა, რომ ინგლისთან მატჩში ორი ქულა მაინც უნდა აეღო, რათა ზედიზედ მეორედ არ მიეღო "ხის კოვზი", მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე არცერთი თამაში არ ჰქონდა მოგებული.
შედეგად, თეთრ მაისურებში გამოწყობილებმა წითლებში გამოწყობილები გაანადგურეს, მათ ფიზიკურად და ტექნიკურად აჯობეს მასპინძლებს. დამამცირებელი სანახაობა იყო, როდესაც ინგლისელი გულშემატკივრების ზეიმის ფონზე, ადგილობრივი გულშემატკივრები სტადიონს ნაადრევად ტოვებდნენ. BBC-ის კომენტატორმა, ინგლისის ნაკრების ყოფილმა შუამავალმა, დენი კერმა აღიარა, რომ "არაკომფორტულად" გრძნობდა თავს ამ "მახინჯი" სანახაობის გამო.
ვინ გამოასწორებს ახლა იმ კრიზისს, რომელშიც უელსური რაგბი იმყოფება? უელსის რაგბის კავშირის (WRU) ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი. ამას ზაფხულში იაპონიაში ორი ტესტ-მატჩი მოჰყვება. WRU-ს არ ჰყავს რაგბის დირექტორი, არც მუდმივი მთავარი მწვრთნელი და არც დეტალური სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია უელსს მსოფლიო რაგბში კონკურენტუნარიანობის აღდგენა მაინც. ისინი ამ თვეში დანიშნავენ რაგბის დირექტორს და ივნისში ახალი სტრატეგიის დეტალების გამოქვეყნებას გეგმავენ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს