რუსეთის კურსკის ოლქში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან უკან დახევის შემზარავ სურათებს აღწერენ. მძიმე ბრძოლების ფონზე განხორციელებული უკანდახევა, განადგურებული სამხედრო ტექნიკის კოლონები და რუსული დრონების მუდმივი თავდასხმები - აი, რა გადაიტანეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა.
ჯარისკაცების თქმით, უკრაინულმა ძალებმა დაკარგეს სუჯა, უდიდესი დასახლებული პუნქტი, რომელსაც აკონტროლებდნენ. მომარაგების მთავარი გზა, რომელიც სუჯას უკრაინის სუმის ოლქთან აკავშირებდა, სრულად მოექცა მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ. ჯარისკაცები აღნიშნავენ, რომ თუ ერთი თვის წინ ამ გზაზე შედარებით უსაფრთხოდ გადაადგილება შეიძლებოდა, ახლა იქ ყოველ წუთს ორი-სამი დრონი ჩნდება.
უკრაინული ძალები სამი მხრიდან იყვნენ შეტევაში მოქცეულნი. რუსეთმა მნიშვნელოვანი ძალები მოაგროვა ქალაქის დასაბრუნებლად, მათ შორის, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, 70 000-მდე ჯარისკაცი, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელი მებრძოლებიც. რუსეთმა ფრონტის ხაზზე საუკეთესო დრონების დანაყოფები გადაისროლა და მთავარი ლოგისტიკური გზების გასაკონტროლებლად კამიკაძე და FPV დრონებს იყენებდა.
ჯარისკაცების თქმით, მოწინააღმდეგემ ათობით ერთეული ტექნიკის განადგურება შეძლო, რამაც მომარაგების გზებზე შეფერხებები გამოიწვია. მათივე თქმით, რუსეთს უპირატესობა აქვს უფრო ზუსტი საჰაერო დარტყმებითა და ჯარისკაცების რაოდენობით. მომარაგების გზები გადაჭრილია და იარაღის, საბრძოლო მასალის, საკვებისა და წყლის ორგანიზებული მიწოდება აღარ არის შესაძლებელი.
ჯარისკაცები ვარაუდობენ, რომ უკრაინა კურსკის ოლქში არსებულ მთელ პოზიციებს დაკარგავს, თუმცა აღნიშნავენ, რომ სამხედრო თვალსაზრისით, კურსკის მიმართულებამ თავი ამოწურა და მისი შენარჩუნება აზრს მოკლებულია. დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინის შეტევაში კურსკის მიმართულებით დაახლოებით 12 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა, რომლებიც დასავლური წარმოების იარაღით, მათ შორის ტანკებითა და ჯავშანტექნიკით იყვნენ აღჭურვილნი. რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ჩანს ამ ტექნიკის ნაწილი განადგურებული ან ხელში ჩაგდებული. რუსეთის განცხადებით, კურსკში სიტუაცია სრულად მათ კონტროლს ექვემდებარება და უკრაინამ დიდი რაოდენობით მატერიალური რესურსი მიატოვა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს