კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

180 რეგისტრაცია და 22 გამოწვევა - როგორ ჩატარდება NASA Space Apps Challenge Tbilisi 2020

ტექნოლოგია ციფრული
180 რეგისტრაცია და 22 გამოწვევა - როგორ ჩატარდება NASA Space Apps Challenge Tbilisi 2020

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად, 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, ინჟინრებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს. ამ ერთობის მიზანი სხვადასხვა გამოწვევის გადაჭრაა, საქართველო კი ჰაკათონში უკვე მესამე წელია მონაწილეობს. წელს, NASA Space Apps Challenge თბილისში, მსოფლიოს 200 ქალაქის პარალელურად, 2-4 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს იდეა, ცოდნა, უნარები და მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჰაკათონზე 180 მონაწილე უკვე დარეგისტრირდა, დრო ჯერ კიდევ არის და რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე 30 სექტემბრის 23:59 საათამდე. „გასათვალისწინებელია, რომ ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანს. გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი ჰაკათონი ონლაინ რეჟიმში ტარდება, მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. სულ შეირჩევა 50 მონაწილე“, – ამბობს „ფაბლაბ ილიაუნის“ მენეჯერი, ავთანდილ მღებრიშვილი.

პანდემიის გამო, NASA Space Apps Challenge წელს ონლაინ ფორმატში ტარდება. თუმცა, საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორები უცვლელი დარჩნენ. წელსაც, NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს ორგანიზებას Tbilisi Startup Bureau და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებენ პარტნიორობით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით. სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით, ნანა დიხამინჯიას და ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერს, ავთანდილ მღებრიშვილს ვესაუბრეთ, სანამ საქართველო NASA Space Apps Challenge-ის რუკაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა. მათთან ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ რა გამოწვევებს გვთავაზობს NASA 2020 წლის ჰაკათონის ფარგლებში, რა მოლოდინები გვაქვს წლევანდელი კონკურსიდან, და რა წარმატებას მიაღწიეს საქართველოში შერჩეულმა გუნდებმა გლობალურ შეჯიბრებებში.

ავთანდილ მღებრიშვილი: რა შეიცვალა 2018 წლიდან დღემდე? როგორი იყო პირველი Nasa Space Apps Challenge საქართველოში და როგორია ახლა? როგორ იცვლებოდა დაინტერესებული ახალგაზრდებისა და გამოწვევაში მონაწილე გუნდების რაოდენობა?

ავთანდილ მღებრიშვილი: 2018 წლის შემდეგ საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა, დაინტერესება და ჩართულობა უფრო მაღალია, რადგან საზოგადოება უკვე კარგად იცნობს ამ პროექტს და მის მიზნებს. ყოველ წელს იზრდება პროექტში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა და მათი თემები მართლაც ძალიან საინტერესოა. აღსანიშნავი იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც მონაწილეებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოდან, შექმნეს ვირტუალური გუნდები და დედამიწის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, შეიმუშავეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები. მიუხედავად იმისა, რომ ჰაკათონი ონლაინ ტარდებოდა, დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და მონაწილე გუნდების რაოდენობა არ შემცირებულა. მიმდინარე ჰაკათონზეც საკმაოდ დიდია ჩართულობა, რადგან NASA ძალიან საინტერესო გამოწვევებს გვთავაზობს.

M: Nasa Space Apps Challenge-ის ფარგლებში, რა წარმატებას მიაღწიეს საქართველოში შერჩეულმა გუნდებმა?

ავთანდილ მღებრიშვილი: წინა ჰაკათონზე, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე, სპეციალურად Covid-19-თან დაკავშირებით ჩატარდა, საქართველოში გამარჯვებული გუნდი, სახელად NOtoNO2, 1300-ზე მეტი პროექტიდან გლობალურ ფინალში, ტოპ 40 გუნდში მოხვდა, რაც საკმაოდ დიდი წარმატებაა, რადგან ჰაკათონის ფინალში გასვლა NASA-ში ვიზიტის შესაძლებლობას იძლევა და ამავე დროს, ფინალისტი გუნდი ბევრი ექსპერტის ყურადღების ცენტრში ექცევა.

M: როგორც ვიცით, გამოწვევაში მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივაცია გლობალურ ფინალში გასვლა და NASA-ში გამგზავრებაა. პანდემიის პირობებში, რამდენად არის ძალაში კონკურსის ეს პირობა? სხვა მხრივ, რა სარგებლისა და გამოცდილების მიღება შეუძლიათ მსურველებს კონკურსში მონაწილეობით?

ავთანდილ მღებრიშვილი: საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა რამდენიმე თვეში მოხდება, შესაძლოა 2021 წლის დასაწყისშიც, რაც იმედს გვაძლევს, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდვითარება დარეგულირებული იქნება. თუმცა, გამგზავრებაც რომ ვერ შეძლოს გუნდმა, გლობალურ ღონისძიებაში გამარჯვებაც სერიოზული მიღწევაა, რადგან ეს ავტომატურად იძლევა NASA-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის სახელით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰაკათონში მონაწილეობა სასარგებლოა, რადგან გუნდებს აქვთ წვდომა NASA-ს, ევროპული კოსმოსური სააგენტოს და სხვა სატელიტურ თუ ჰაერის მდგომარეობის მონაცემებზე. ჩვენ კი ვთავაზობთ გამოცდილ მენტორებს, რომელთა რჩევები გუნდს გამოადგება მომავალი განვითარებისთვის. ამ საინტერესო გამოცდილების გარდა, ილიას უნივერსიტეტის ფაბლაბი და ZoomOut პრეაქსელერატორი დაინტერესებულ გუნდებს დახმარებას შესთავაზებენ იდეის შემდგომ განვითარებასა და აქსელერაციაში.

ნანა დიხამინჯია: როგორია წლევანდელი გამოწვევის თემები და უკავშირდება თუ არა ის პანდემიას?

ნანა დიხამინჯია: წელს NASA გვთავაზობს 22 გამოწვევას 6 ზოგად კატეგორიაში: დაკვირვება, ინფორმირება, მდგრადობა, შექმნა, გამკლავება, დაკავშირება. თითოეული კატეგორიის გამოწვევას აქვს განსხვავებული მოთხოვნები, რომლებიც მონაწილეებმა არჩევის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ. რეალურად, გამოწვევები იმდენად ფართოა, რომ მსოფლიოში დღეს არსებულ ნებისმიერ პრობლემას მოიცავს და გადაწყვეტასაც ნებისმიერი ფორმა შეიძლება ჰქონდეს: კვლევა, აპლიკაცია, საინჟინრო პროდუქტი, სოციალური კამპანია და სხვა.

M: როგორ ყალიბდება ჰაკათონში მონაწილე გუნდები და რამდენად ცვლის კონკურსის ტრადიციულ მიმდინარეობას მისი ონლაინ ფორმატი?

ნანა დიხამინჯია: უკვე 180 მონაწილეა დარეგისტრირებული, რომელთაგან ზოგს უკვე აქვს გუნდი შექმნილი, ზოგი კი შერჩევის შემდეგ ჩამოყალიბდება. შერჩეული მონაწილეები მოისმენენ გამოწვევებთან დაკავშირებულ საინტერესო ლექციებს და მათთვის გამოყოფილ დროს მიიღებენ რჩევებს მენტორებისგან. სპეციალური დრო იქნება გამოყოფილი იდეების წინასწარი წარდგენისა და დახვეწისთვის. ონლაინ ფორმატზე გადასვლამ, ერთი მხრივ, გაართულა მენტორობის პროცესი, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლებელი გახადა, რომ აქ ჩამოსვლის გარეშე ჩავრთოთ უცხოეთში მყოფი ექსპერტები.

M: არის თუ არა წლევანდელი გამოწვევის თემები თანხვედრაში საქართველოში დაგროვილ ცოდნასთან/გამოცდილებასთან? ამის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით წლევანდელ შანსებს?

ნანა დიხამინჯია: საქართველო დიდი ხანია, გლობალური ცოდნისა და გამოწვევების ნაწილია. ცხადია, გვქონდა ჩამორჩენა ტექნოლოგიურ ცოდნასა და სამეწარმეო აზროვნებაში, მაგრამ ბევრი უნივერსიტეტის, GITA-ს, სტარტაპ აქსელერატორებისა და საერთაშორისო პროექტების მუშაობით, ნელ-ნელა ეს მდგომარეობა უმჯობესდება. ამ კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო უცხოეთში ნამუშევარი ქართველების დაბრუნება ჩვენს უნივერსიტეტში და კავშირები საერთაშორისო კვლევით ლაბორატორიებთან. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ მსოფლიოს მსგავსი გამოწვევები აქვს და საქართველოსთვის ეს გამოწვევები ასევე აქტუალურია. შესაბამისად, შანსი აქვს ნებისმიერ ქართულ გუნდს.

M: ვინ იქნებიან წლევანდელი Nasa Space Apps Challenge Tbilisi-ის მენტორები და რა კომპეტენციები აქვთ მათ?

ნანა დიხამინჯია: წელს მენტორებად გვეყოლება ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტის, ნივთების ინტერნეტის, აპარატურული უზრუნველყოფის მიმართულებით. მონაწილეებს ასევე მენტორობას გაუწევენ მეცნიერები ესტონეთიდან, ინჟინრები სილიკონის ველიდან და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, NASA Space Apps Challenge 2-4 ოქტომბერს, თბილისში, მსოფლიოს 200 ქალაქის პარალელურად გაიმართება. მანამდე კი, სანამ NASA Space Apps Challenge Tbilisi 2020-ის მიმდინარეობასა თუ გამარჯვებულ გუნდებზე გიამბობთ, შეგიძლიათ, ქვემოთ მოცემული სტატიის წაკითხვით, გაეცნოთ წინა წლის შეჯამებას, ან შემდეგ ბმულზე გაიგოთ მეტი იმ ქართული გუნდის შესახებ, რომელიც COVID-19-ის თემატიკის ჰაკათონზე, 1300-ზე მეტი პროექტიდან გლობალურ ფინალში, ტოპ 40 გუნდში მოხვდა.

[ბმული წინა წლის შეჯამებაზე] [ბმული COVID-19 ჰაკათონის გუნდზე]

კომენტარები